სოზარ სუბარი - შემდგომი დღეების ამოცანაა, გავათავისუფლოთ მდინარე ნენსკრას შუაგული იმ უზარმაზარი ნაშალისგან, რომელიც დინებამ ჩამოიტანა
სოზარ სუბარი - შემდგომი დღეების ამოცანაა, გავათავისუფლოთ მდინარე ნენსკრას შუაგული იმ უზარმაზარი ნაშალისგან, რომელიც დინებამ ჩამოიტანა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, მდინარე ნენსკრას დონემ დაიკლო და წყლის დონის მატების საფრთხეც ამ დროისთვის არ არსებობს.

როგორც სუბარმა პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, გარემოს დაცვის სააგენტოს ექსპერტები კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ საეჭვო ადგილებს, სადაც ეროზიები იყო.

რაც შეეხება ხიდს, სუბარის ინფორმაციით, რამდენიმე საათში ჭუბერში აიტანენ ხიდს და მისი გაშლა დაიწყება.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, იწყება ახალი ალტერნატიული გზის გაკეთებაც.

„გარემოს დაცვის სააგენტოს ექსპერტების დასკვნა გვაქვს, თუმცა ისინი კიდევ ერთხელ შემოივლიან ყველა საეჭვო ადგილს, ადგილებს, სადაც ორი დღის წინ ამბობდნენ, რომ არის ეროზიები, თუმცა ეს ეროზიები მსგავს მასშტაბურ კატასტროფას აღარ გამოიწვევს.

რაც შეეხება ხიდს, დაახლოებით სამ საათში ამოიტანენ და მისი გაშლა დაიწყება. პარალელურად იწყება ახალი ალტერნატიული გზის გაკეთება, რომელიც იქნება სოფელში შემოსასვლელი გზა და ჭუბერში იქნება ორი გზა როგორც მდინარის მარცხენა, ისე მარჯვენა მხარეს. მოსახლეობას მსგავსი პრობლემები აღარ შეექმნება“,- განაცხადა სუბარმა.

მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჭუბერში მანქანით მისვლა ნებისმიერ სახლთან არის შესაძლებელი, გარდა სამი სახლისა. სოზარ სუბარის განცხადებით, დგება სიები და ყველა დაზარალებულ ოჯახს საკვები პროდუქტები დაურიგდება.

„გუშინ საკვები პროდუქტები დაურიგდათ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტი ზიანი მიადგათ. ახლა შემოტანილია საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქტი, რომელიც არის სამეგრელოს მუნიციპალიტეტის დახმარება, ხვალ შემოვა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან დახმარება. კეთდება სიები და დაურიგდება ყველა ოჯახს.

დღეს მანქანით მისვლა შეიძლება ჭუბერში, ნებისმიერ სახლთან, თუ არ ჩავთვლით ერთ სახლს, რომელიც აღმოჩნდა კუნძულზე და თუ არ ჩავთვლით იმ ორ ოჯახს, რომელიც მოწყევეტილი არიან სამანქანო გზას, თუმცა ამ ორ ოჯახში, ორი დღის წინ ვერტმფრენით საკმარისი რაოდენობით პროდუქტი აიტანეს“,- განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა.

სოზარ სუბარის თქმით, შემდგომი დღეების ამოცანაა, გაათავისუფლონ მდინარის შუაგული იმ უზარმაზარი ნაშალისგან, რომელიც დინებამ ჩამოიტანა.