სოზარ სუბარი - შახტებში დეკემბრიდან მუშაობა გარანტირებული უსაფრთხოებით დაიწყება
სოზარ სუბარი - შახტებში დეკემბრიდან მუშაობა გარანტირებული უსაფრთხოებით დაიწყება

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერ-მინისტრისა და მეშახტეების შეხვედრა დასრულდა.

პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, შახტები მუშაობას დეკემბრიდან განაახლებენ, მანამდე კი, მეშახტეები კუთვნილ ხელფასებს მიიღებენ.

„გახსოვთ ალბათ, ივლისში მომხდარი ტრაგედიის  შემდეგ ვთქვით, რომ შახტები დაიხურებოდა, სანამ უსაფრთხოების ნორმები ბოლომდე არ იქნებოდა დაცული. დღეს ვართ იმ ეტაპზე, როცა  შეგვიძლია თამამად ვთქვათ- საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა დეკემბერში იქნება და  შახტები მუშაობას დეკემბერშივე გარანტირებული უსაფრთხოებით დაიწყებენ. შესრულდა პრემიერის დანაპირები, რომ ვიდრე შახტები მუშაობას განაახლებენ, აქ დასაქმებულები იღებენ კუთვნილ ხელფასს. ამავდროულად არის მეორე საკითხიც, გრძელვადიან სტრატეგიაზე მიდის მუშაობა როგორც შახტების, ასევე ქალაქის მასშტაბით. დღეს იმიტომ ჩამოვედით, რომ უკვე მზად ვართ, პასუხები გავცეთ ამ ადამიანებს”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შახტებში მუშაობის პროცესი დეკემბრის თვიდან ეტაპობრივად აღდგება, მანამდე კი, მეშახტეები კუთვნილ ხელფასებს მიიღებენ.