სოზარ სუბარი - საქართველოსთვის გაიხსნა ევროპული პერსპექტივა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი
სოზარ სუბარი - საქართველოსთვის გაიხსნა ევროპული პერსპექტივა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი

საქართველოსთვის გაიხსნა ევროპული პერსპექტივა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ითხოვდა ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობისგან, რომ დაფიქსირებულიყო საქართველოს ერთი სიტყვა საქართვლოს ევროპული პერსპექტივა და ეს სიტყვა არის დაფიქსირებული შესაბამისად, საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა.

„განსხვავება არის იმაში, რაც უკრაინის მიმართ ითქვა და რაც მოლდოვას მიმართ ითქვა, თუმცა გასაგებია, რამ გამოიწვია ეს განსხვავება, რადგან უკრაინაში არის ომი და ასევე მძიმე დღეში არის უკრაინაში ომს გამო მოლდოვა, სადაც მოსახლეობის თითქმის ერთი მეხუთედი ლტოლვილი აფარებს თავს. ორივე ქვეყანა არის მძიმე მდგომარეობაში. ამიტომაც მოხდა როგორც ჩანს, დაჩქარება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება,  რადგან მათ უკვე დღესვე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, თუმცა საქართველოსთვის გაიხსნა ევროპული პერსპექტივა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სოზარ სუბარმა უპასუხა „მთავარი არხის“ შეკითხვას: „დეოლიგარქიზაცია რეკომენდაციის ის ნაწილია, რომელსაც ევროკომისია საქართველოს მიმართ თავის დასკვნაში გასცემს. რას აპირებთ ამასთან დაკავშირებით“.

„როდესაც ევროკავშირი ითხოვს დეოლიგარქიზაციას და მეორე მხრივ, ამას წინათ რეზოლუციაში იყო ნათქვამი, რომ არ შეეხოთ კეზერაშვილს, რომელიც არის ნამდვილი ოლიგარქი და რომელსაც აქვს ქართული ჯარისთვის მოპარული ფული, ამით გამდიდრდა, ეს ცოტა ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მაგრამ დიახ, ჩვენ ამ გზით უნდა წავიდეთ და ყველა მოპარული ფული უნდა დავაბრუნებინოთ იმ ადამიანს, რომელმაც მოჰპარა საქართველოს, ქართულ ჯარს. პასუხი უნდა აგონ ადამიანებმა, ვინც ამ უკანონობას სჩადიან. სხვა ოლიგარქი მე არ ვიცი ამ ქვეყანაში. შეიძლება კიდევ იყვნენ ვიღაცები, ვინც წინა ხელისუფლების პირობებში გახდნენ მილიონერები და მილიარდერები, ერთ-ერთი მათგანი სხვათა შორის, ციხეში ზის და ციხიდან ცდილობს, დააფინანსოს ტელევიზიები. მაგალითად, „მთავარი არხი“, ზოგიერთი სხვა ტელევიზიაც. ეს ბოლოს და ბოლოს ერთი დანაშაულებრივი გუნდია. დღეს ლაპარაკია, რომ დაახლოებით ერთი მეოთხედი არის ლეგალური ფული, რაც თქვენს ტელევიზიაში იხარჯება და სამი მეოთხედი არის არალეგალურად, კონვერტებით გაცემული ხელფასები. აი, ეს არის ოლიგარქიის მთავარი მანიშნებელი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.