სოზარ სუბარი - საქართველოს მახასიათებელი არის ჩვენი ფოლკლორი, ქართული კინო, ლიტერატურა და პოეზია
სოზარ სუბარი - საქართველოს მახასიათებელი არის ჩვენი ფოლკლორი, ქართული კინო, ლიტერატურა და პოეზია

საქართველოს მახასიათებელი არის ჩვენი ფოლკლორი, ქართული კინო, ლიტერატურა და პოეზია, – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მრჩეველი სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს, სადაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ფონდი „ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს.

სუზარ სუბარის განცხადებით, ქართული ფილმი იყო გამორჩეული, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებდა.

„ქართველი კაცის იდენტობა არის სწორედ ჩვენი კულტურით. თანამედროვე სამყაროში კინოინდუსტრიას, სერიალებს აქვს დიდი მნიშვნელობა. საბჭოთა კავშირში, რომელიც იყო უზარმაზარი იმპერია და მსოფლიოს ერთ მეექვსედზე იყო გაჭიმული რამდენიმე ფილმის გამოყოფა შეიძლება. ეს იყო ქართული, მოსფილმი, ლენფილმი და შეიძლება კიდევ რამდენიმე დავასახელოთ. ქართული ფილმი იყო გამორჩეული, სამეულში გადიოდა და ქართული ნიჭის გამოხატულება იყო. ამას აღიარებდა მთელი მსოფლიო. დღესაც კი, როდესაც ქართული ფილმი დაფინანსების გარეშეა დარჩენილი, ქართული ფილმები ახერხებენ მსოფლიო ფესტივალებზე მოიპოვონ ძალიან დიდი და წარმატებული მიღწევები. როცა ვლაპარაკობთ, რა მნიშვნელობა აქვს ქართულ ფილმს, სერიალების წარმოებას, ის არის, რომ ჩვენი იდენტობა კიდევ ერთხელ კარგად გავიაზროთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელების, ანაკლიის პორტის, „თიბისი ბანკის“, ქართული კინოწარმოებისა და სხვა თემების შესახებ ისაუბრა.