სოზარ სუბარი - საქართველოს ერთგვარი ბედისწერა, რომ ჩვენ ისტორიულად ვართ და ვიყავით დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის
სოზარ სუბარი - საქართველოს ერთგვარი ბედისწერა, რომ ჩვენ ისტორიულად ვართ და ვიყავით დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

ისტერია, რაც მიმდინარეობს ჩინეთის წინააღმდეგ, არის აბსოლუტურად ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და მტრული ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს ორი ვიზიტი სიმბოლურიც არის და უმნიშვნელოვანესიც.

„სიმბოლურიც არის ეს ორი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი. ერთი – დასავლეთ ევროპაში, მეორე – აღმოსავლეთში, უდიდეს ეკონომიკურ სახელმწიფოში. ეს არის საქართველოს ერთგვარი ბედისწერა. ჩვენ ისტორიულად ვართ და ვიყავით დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს არის ის ფუნქცია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, თუ უნდა, დღევანდელ გლობალურ სამყაროში თავისი ადგილი დაიმკვიდროს და, ამ ფონზე, ის ისტერია, რაც მიმდინარეობს ჩინეთის წინააღმდეგ, არის აბსოლუტურად ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი, მტრული ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ. ის ადამიანები, ვინც ამისთვის იბრძვიან, უკვე ყოველდღიურად ჩინეთის გინებაზე გადავიდნენ და აქვთ ორი ამოცანა: პირველი – ეს არის მათი პატრონების დავალება, საქართველო მიბმული ჰყავდეთ, როგორც გოშია და დამოუკიდებელი პოლიტიკა არ აწარმოოს; მეორე – პიროვნული, რადგან მათ ყველაფერი, რაც კი საქართველოს წარმატებას უკავშირდება, მიაჩნიათ ხელისუფლების წარმატებად და მით ნაკლებ შანსს ხედავენ საკუთარ მომავალში. ასე რომ, ეს ორი ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს“, – განაცხადა სუბარმა.