სოზარ სუბარი - საქართველო იქნება ძლიერი, ამის მყარი საფუძველი არის ჩვენი ჯარისკაცებისა და მოსახლეობის გმირობა
სოზარ სუბარი - საქართველო იქნება ძლიერი, ამის მყარი საფუძველი არის ჩვენი ჯარისკაცებისა და მოსახლეობის გმირობა

საქართველო იქნება ძლიერი და ამის მყარი საფუძველი არის ჩვენი ჯარისკაცებისა და მოსახლეობის გმირობა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის​ გადმოსვენებისთვის დიდი შრომაა გაწეული.

„14 აგვისტო, ერთ-ერთი მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც დაიწყო აფხაზეთში საომარი მოქმედებები. რუსეთი ეცადა და მიაღწია თავის მიზანს, რომ გაეჩაღებინა ომი საქართველოს ტერიტორიაზე, რისი შედეგიც არის ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაცია. საქართველო იქნება ძლიერი და ამის მყარი საფუძველი არის ის გმირობა, რომელიც ჩვენმა ჯარისკაცებმა, ჩვენმა მოსახლეობამ ჩაიდინა და 13 ადამიანი, მათ შორის რომლებიც ითვლებოდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გადმოასვენეს. მათ მშობლებს საშუალება ექნებათ, მივიდნენ საფლავებზე. მათ შორის შვიდი არის მეომარი, დანარჩენი არინ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც გახდნენ ომის მსხვერპლნი. მართლად, ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული თითოეული ამ ადამიანის მოძიებაში. მე პირადად ვიყავი ჩართული და კარგად ვიცი, ეს რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული. ყველაზე მტკივნეული ამ საქმეში ის იყო, რომ ისინი დასაფლავებულნი იყვნენ არა სადმე საფლავზე, არამედ სადღაც მიუვალ ადგილებში ომის პირობებში. რომ არა მათი თანამებრძოლები, ვისაც ახსოვდათ იგი და შეეძლოთ გარკვეულწილად იდენტიფიცირება ამ ადგილების. საერთოდ ვერ ვიპოვიდით და რამდენიმე წელიწადში შეიძლებოდა, კვალიც გამქრალიყო რომ არ მომხდარიყო მათი გადმოსვენება. რაც პროცესი დაიწყო, მას შემდეგ 134 ადამიანის ნეშტი იქნა გადმოსვენებული და 42 აფხაზი იქნა იდენტიფიცირებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

13 პირის იდენტიფიცირება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა.

კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირიდან ხვალ ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.

დატოვე კომენტარი