სოზარ სუბარი - სალომე ზურაბიშვილზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო, ვისგან მოდის მუდმივი დაპირისპირება და პოლარიზაცია
სოზარ სუბარი - სალომე ზურაბიშვილზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო, ვისგან მოდის მუდმივი დაპირისპირება და პოლარიზაცია

ქალბატონ სალომეს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც ვლაპარაკობთ დიალოგზე, კონსენსუსზე და პოლარიზაციის შემცირებაზე, ის ნამდვილად არ გულისხმობს და არ იგულისხმებს, რომ დამნაშავემ პასუხი არ უნდა აგოს, – ასე უპასუხა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, როგორია მმართველი გუნდის პოზიცია, ვისთან და რა საკითხებზე უნდა შედგეს დიალოგი და ეროვნული თანხმობა, რომლის შესახებაც ქვეყნის პრეზიდენტმა ისაუბრა.

„დიალოგი უნდა შედგეს საქართველოს მომავალზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოვიდეს და დიალოგიც ეს არის. ქალბატონ სალომეს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც ვლაპარაკობთ დიალოგზე, კონსენსუსზე და პოლარიზაციის შემცირებაზე, ის ნამდვილად არ გულისხმობს და არ იგულისხმებს იმას, რომ დამნაშავემ პასუხი არ უნდა აგოს. ამაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ თანამოაზრეები ვართ. არანაირი დიალოგი არ მქონია, მაგრამ ვიცი ქალბატონი სალომეს პოზიცია. როდესაც ლაპარაკი იყო კრიმინალის, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე, მან თქვა ორჯერ, მკაფიოდ და არაორაზროვნად – არა და არასდროს! დარწმუნებული ვარ, ის ამ პრინციპის ერთგული დარჩება. ამ პრინციპის გადახვევა ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ვერასდროს შედგება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო, რაც ყველაზე კარგად ქალბატონმა სალომემ იცის“, – განაცხადა სუბარმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად ხედავს დიალოგის საჭიროებას ან შესაძლებლობას სამ პრეზიდენტს შორის, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დიალოგი სამ პრეზიდენტს შორის უნდა შედგეს და ამისთვის, სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის ჰოსპიტალში შეხვედრა შესთავაზა, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს ექნება დიალოგის ძალიან ბევრი შანსი მას შემდეგ, რაც თავის სასჯელს მოიხდის.

„ეს არის ამ ეტაპზე ექვსი წელი. მიმდინარე საქმეები როგორ დამთავრდება, არ ვიცი“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ პოლარიზაციის ერთადერთი გამომწვევი წყარო არის „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია, რომლის დიდი ნაწილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებს, თუ მის ანასხლეტებს წარმოადგენს.

„ქალბატონ სალომეზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო, ვისგან მოდის მუდმივი დაპირისპირება და პოლარიზაცია“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილზე უკეთ არავის ახსოვს ის უდიდესი ცილისწამება, სიცრუე და სიმწარე, რაც მან გამოსცადა, როდესაც კენჭს იყრიდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტი.

„ადამიანს, რომელიც არის ამ ქვეყნის უდიდესი პატრიოტი, მთელი თავისი ცხოვრებით, გამოცდილებით, აღზრდით, შეგნებით, წინაპრებით და შთამომავლობით, რომელთა ერთადერთი მიზანი ამ ქვეყნის მსახურება იყო, რუსეთის აგენტობა და მსახურება დააბრალეს. და ვინ დააბრალა?! – ადამიანმა, რომელიც რუსეთის „კაგებეს“ ჩვეულებრივი და არც თუ დაბალი დონის თანამშრომელი იყო. ასევე, მისმა მხარდამჭერებმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.