სოზარ სუბარი - სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ძალიან უცნაური განცხადება გააკეთეს, მიკერძოების შთაბეჭდილება დამრჩა
სოზარ სუბარი - სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ძალიან უცნაური განცხადება გააკეთეს, მიკერძოების შთაბეჭდილება დამრჩა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ძალიან უცნაური განცხადება გააკეთეს და გუშინ მიკერძოების შთაბეჭდილება დამრჩა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, სახალხო დამცველს უფლება აქვს, პროცესში ჩართვა მოითხოვოს.

„სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ძალიან უცნაური განცხადება გააკეთეს და გუშინ მიკერძოების შთაბეჭდილება დამრჩა, რადგან ადამიანები შევიდნენ და თქვეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არის აბსოლუტურად ყველა პირობა, რათა ადამიანებს მეთვალყურეობა ჩაუტარდეთ შიმშილობისას და მათი რეაბილიტაცია მოხდეს. არიან მაღალკვალიფიციური ექიმები, როგორც სისტემის შიგნით, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოდან მივლენილნი. ადგილზე არის ყველა პირობა, მაგრამ თქვეს, რომ არ არის გამოცდილება მსგავსი მართვისო და ეს ძალიან უცნაურია, რადგან თუ არსებობს აპარატურა, გამოცდილი არიან ექიმები, აბა, გამოცდილება კედლებს ხომ არ ექნებათ, თუ ყველაფერი არსებობს? თუ გამოცდილებაზეა საუბარი, საქართველოში, არსად, შიმშილობის და შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესების მართვის ისეთი გამოცდილება არ არის, როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში და ამას ვამბობ, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი. ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2400-მდე შიმშილობის ფაქტი იყო სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს რაოდენობა სამოქალაქო სექტორში ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთად არ ყოფილა. ეს გამოცდილება ყველაზე კარგად სწორედ სასჯელაღსრულების სისტემაშია დაგროვილი და ამას ის ექიმები ემატებიან, ვინც სამოქალაქო სექტორიდან არიან შეყვანილი. ნებისმიერი ოდნავი გართულების შემთხვევაში, შიმშილობა-მკურნალობა-რეაბილიტაცია ხდებოდა სწორედ სამკურნალო დაწესებულებაში. თუ სადმე არის დაგროვილი გამოცდილება, სწორედ აქ არის“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა თქვეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ რამდენიმე დღეში შეიძლება დამძიმდეს.

„ამ დროს, მეორე მხარისგან 10 ოქტომბრიდან ვისმენთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლო საათებს ითვლის, უკანასკნელ დღეშია, ვეღარ ლაპარაკობს, ვეღარ მოძრაობს, კედელ-კედელ დადის, სახელები ავიწყდება და გვარამიამ თქვა, ფსიქიკური პრობლემები დაეწყოო. ამის შემდეგ, დღეები, კვირები გავიდა და ვნახეთ, რომ ის აბსოლუტურად ჩვეულებრივად მოძრაობს, ჩხუბობს, ადამიანებს ურტყამს, იგინება, ილანძღება, აქტიურია და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გვეუბნება, რომ სისხლის წნევა, სატურაცია, კალიუმი თუ სხვა მინერალების შემცველობა ნორმის ფარგლებშია და ეს ადამიანი საჭირო მედიკამენტებს იღებს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს ჯანმრთელი და მის ჯანმრთელობას არ შეექმნას პრობლემა, სიცოცხლის პრობლემაზე არც ვლაპარაკობ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ როცა 48-ე დღეს ექიმები ამბობენ, რომ ამ წუთში რაიმე განსაკუთრებული არ ჩანს, ეს იმას აჩვენებს, რომ ის გარკვეულ დანამატებს იღებს, რაც მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. რეალობას ვენდოთ და ნუ ენდობით კონკრეტულ ადამიანებს, ვენდოთ იმ ფაქტს, რაც ხდება. თუ 10 ოქტომბერს ბოლო დღეში იყო, ახლა უკვე, ორ დღეში 20 ნოემბერი დადგება“, – განაცხადა სუბარმა.