სოზარ სუბარი - სახალხო დამცველის ხედვები რატომღაც ყოველთვის ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხედვებთან არის ხოლმე თანხვედრაში
სოზარ სუბარი - სახალხო დამცველის ხედვები რატომღაც ყოველთვის ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხედვებთან არის ხოლმე თანხვედრაში

სახალხო დამცველის ხედვები რატომღაც ყოველთვის ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხედვებთან არის ხოლმე თანხვედრაში, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დავით გარეჯის საქმეზე სახალხო დამცველის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.

სუბარის თქმით, უმჯობესი იქნება, ნინო ლომჯარია, პოლიტიკური განცხადებების კეთებას შეეშვას, რადგან არ არსებობს

ჯობს, პოლიტიკური განცხადებების კეთებას შეეშვას, რადგან არ არსებობს მტკიცებულებები, რომ დავით გარეჯის საქმე საპარლამენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული.

„დავით გარეჯის საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ კარგად ვიცნობ ვითარებას საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. 2005-2006 წლებში პირველად მოხდა, როდესაც ქართველმა მესაზღვრეებმა უკან გადმოიწიეს და უდაბნო და ჩიჩხიტური მოექცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. არ არსებობს არც რუკები, არც რამე გადაწყვეტილება, უბრალოდ ადგნენ და გადმოიწიეს. ამას მოჰყვა განცხადებები საქართველოს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, თითქოს ეს ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო გადაცემული აზერბაიჯანზე, რაც 100-პროცენტიანი ტყუილია. საბჭოთა პერიოდში ეს ორივე მონასტერი შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, განსხვავებით ბერთუბნისგან. ბუნებრივია, ამ საქმეზე უნდა დაწყებულიყო გამოძიება და ძალიან კარგია, რომ დაიწყო.

სახალხო დამცველის მიმართვას რაც შეეხება, ის თუ თვლის, რომ საქმეში არსებობს რაღაც მტკიცებულებები, ბუნებრივია, მას აქვს ამის უფლება და ძალიან კარგია, სასამართლოს თუ მიმართა, ოღონდ ჯობს, პოლიტიკური განცხადებების კეთებას შეეშვას, რადგან ეს სახალხო დამცველის მანდატი არ არის, მით უმეტეს არანაირი მტკიცებულება არ შეიძლება არსებობდეს, რომ ეს საქმე არჩევნებთან არის დაკავშირებული. ეს არის საქმე, რომელიც 2005 წლიდან მოდის და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ტკივილია. სახალხო დამცველის ხედვები რატომღაც ყოველთვის ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხედვებთან არის ხოლმე თანხვედრაში. ეს ძალიან გასაკვირი და მტკივნეულია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ დავით გარეჯის საქმეს აშკარად აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის.