სოზარ სუბარი - სახალხო დამცველი იმიტომ არის სახალხო დამცველი, რომ არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა მორწმუნეთა გრძნობებს, რომელ რწმენასაც უნდა ეკუთვნოდნენ ეს ადამიანები
სოზარ სუბარი - სახალხო დამცველი იმიტომ არის სახალხო დამცველი, რომ არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა მორწმუნეთა გრძნობებს, რომელ რწმენასაც უნდა ეკუთვნოდნენ ეს ადამიანები

სახალხო დამცველის განცხადებებს ზოგჯერ მართლა ვერ ვიგებ, თუმცა გულწრფელად გეტყვით, როგორც ყოფილ სახალხო დამცველს არ მიყვარს ხოლმე კომენტირება სახალხო დამცველის გამონათქვამების თუ ქმედებების, რაც უნდა მიუღებელი და გამაოგნებელი იყოს ჩემთვის, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

სოზარ სუბარი გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება და დღეს ჩვენს რეანიმაციულ განყოფილებებში ადამიანები იგუდებიან“.

„როდესაც ის აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ იესო ქრისტე ასფიქსიით გარდაიცვალა, კარგი იქნება, ერთხელ მაინც წაიკითხოს სახარება და ნახავს, რომ უბრალოდ, სახარების მიხედვით, ასფიქსიით გარდაიცვალა სრულიად სხვა ადამიანი, ვინც იესო ქრისტე გასცა 30 ვერცხლად და მაცხოვარი სხვა სიკვდილით აღესრულა. ეს დღე არის სწორედ დღეს. დღე, რომელმაც იხსნა კაცობრიობა, იხსნა თითოეული ადამიანის სული და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა მკვდრეთით აღდგომით, მიცვალებულთა გამოხსნით ჯოჯოხეთიდან. მესმის, რომ შეიძლება მას არ სწამდეს, არ სჯეროდეს, მაგრამ სახალხო დამცველი იმიტომ არის სახალხო დამცველი, რომ არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა მორწმუნეთა გრძნობებს, რომელ რწმენასაც უნდა ეკუთვნოდნენ ეს ადამიანები, არ უნდა თქვას ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება უხერხულობაში აღმოჩნდეს თვითონ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.