სოზარ სუბარი - სააკაშვილს როცა ვკითხე, 7 ნოემბერს რატომ გამოიყვანეს სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, სახალხო დამცველის კაბინეტში პირადად მითხრა, რომ გამოიყვანეს, რადგან არ ჰქონდათ საკმარისი ძალა მიტინგის წინააღმდეგ
სოზარ სუბარი - სააკაშვილს როცა ვკითხე, 7 ნოემბერს რატომ გამოიყვანეს სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, სახალხო დამცველის კაბინეტში პირადად მითხრა, რომ გამოიყვანეს, რადგან არ ჰქონდათ საკმარისი ძალა მიტინგის წინააღმდეგ

სააკაშვილს როცა ვკითხე, 7 ნოემბერს რატომ გამოიყვანეს სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, სახალხო დამცველის კაბინეტში პირადად მითხრა, რომ გამოიყვანეს, რადგან არ ჰქონდათ საკმარისი ძალა მიტინგის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი სინანულის გრძნობა, რომელიც არის მკვეხარა, ბაქია და ცდილობს, თავის დანაშაული გადააბრალოს თანაგუნდელებს ან ნებისმიერ სხვას. ამასთან, სუბარის განცხადებით, სააკაშვილი ვერ გაექცევა წარდგენილ ბრალს.

„გუშინ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი სინანულის გრძნობა. ადამიანი, რომელიც არ იძლევა სწორ ჩვენებებს. სხვათა შორის, ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც შიმშილობის კვალი ეტყობა. სამაგიეროდ, ვნახეთ ადამიანი, რომელიც არის მკვეხარა, ბაქია და აცხადებს, რომ გირგვლიანის მკვლელობა არის ფეიკი და მოგონილი ამბავი, რომ წამება მის პერიოდში არ ხდებოდა და ცდილობს, თავის დანაშაული გადააბრალოს თანაგუნდელებს ან ნებისმიერ სხვას. ის ვერ გაექცევა ამ ბრალს, რომელიც წარდგენილი აქვს, რადგან როცა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყვანილი იყო ჯარი, სასჯელღასრულების სპეცრაზმი და ისეთი არაერთი ძალა, რომელზეც უფლებამოსილება არ აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს და ვერავინ შეძლებდა ამას პრეზიდენტის გარდა, ეს გადაბრალებები ვერ უშველის. სხვათა შორის, მას პირადად ჩემთან, ჩემს კაბინეტში, სახალხო დამცველის კაბინეტში აქვს ამაზე ნათქვამი, როცა ვკითხე, რატომ გამოიყვანეს სასჯელაღსრულების სპეცრაზმი. მან თქვა, რომ გამოიყვანეს იმიტომ, რომ მათ არ ეყოთ, არ ჰქონდათ საკმარისი ძალა მიტინგის წინააღმდეგ, პირველ პირში თქვა. არადა, შეგახსენებთ, 30 მოშიმშილე ადამიანი იწვა პარლამენტის წინ, როცა მათ თავს დაესხნენ მეეზოვეების ფორმაში გადაცმული პოლიციელები. სასჯელაღსრულების სპეცრაზმი იყო ის ძალა, რომელმაც მე, მაშინდელი სახალხო დამცველი სასტიკად მცემა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 7 ნოემბრის მოვლენების დროს მას არანაირი ინსტრუქცია არავისთვის არ მიუცია და პოლიცია ასრულებდა მოვალეობას, როგორ მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდათ.