სოზარ სუბარი – სააკაშვილის რეჟიმის დროს ხონის დაწესებულებაში ყოფნა პატიმრებისთვის წამება იყო, დაავადებულები გამოდიოდნენ და მთელ ცხოვრებას შერყეული ჯანმრთელობით ატარებენ

15:16, 02.06.2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი ხონში, კომისიის გასვლით სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ხონში მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას მედიასთან იხსენებს.

დეპუტატის თქმით, ოთხი კვადრატული მეტრი ფართობის კარცერი, სადაც ექვსი ადამიანი რამდენიმე კვირის მანძილზე ჰყავდათ ხოლმე საშინელ პირობებში, ცემის გარეშეც ადამიანის წამებაა.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ კარცერში პატიმრებს არ ჰქონდათ არანაირი პირობები, მათ ბეტონზე ეძინათ, რომელზეც ხშირად წყალს უსხამდნენ. დეპუტატმა ხონის პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კატასტროფული გავრცელების დეტალებიც გაიხსენა.

„კარცერები, რომლებიც ვნახეთ, ფართობით ოთხ კვადრატულ მეტრს შეადგენს და ამ სივრცეში ექვსი ადამიანი ჰყავდათ ხოლმე რამდენიმე კვირის მანძილზე. სულ რომ ცემას არ ჰქონოდა ადგილი, ეს კარცერი კი არა, ადამიანის შეგნებული წამებაა. ყოფილი პატიმრები ჩვენს კომისიაზე ჰყვებოდნენ, რომ 1,5 კვადრატულ მეტრ ფართობში არ იყო არც ლეიბი, არც საწოლი – პირდაპირ ბეტონზე ეძინათ, ხშირად წყალს უსხამდნენ ამ ბეტონზეც და იყვნენ ამ სიტუაციაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, თან ყოველდღიურად სცემდნენ. ეს ყველაფერი ცემის გარეშეც წამებაა და, მით უმეტეს, ცემის თანხლებით, რომლის შედეგადაც დაავადებულები გამოდიოდნენ ადამიანები და მთელ ცხოვრებას შერყეული ჯანმრთელობით ატარებენ. ასეთი პირობების გამო იყო ამდენი გარდაცვალების შემთხვევა. ამ ციხეში ტუბერკულოზი კატასტროფულად ვრცელდებოდა, რადგან საკნებში, სადაც ჰაერი არ მოძრაობს, ერთ ტუბერკულოზიანს შეუშვებდნენ ჯანმრთელ ადამიანებთან და, შედეგად, რამდენიმე კვირის შემდეგ ყველა თანამესაკნე დაავადებული იყო“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი