სოზარ სუბარი - სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს, თუმცა მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს არა თაკო ჩარკვიანი, არამედ ქართული პოლიცია
სოზარ სუბარი - სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს, თუმცა მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს არა თაკო ჩარკვიანი, არამედ ქართული პოლიცია

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართევლოში რომ ვერ ჩამოვა, ყველაზე კარგად მისმა მომხრეებმა იციან.

რაც შეეხება თაკო ჩარკვიანის განცხადებას ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, სოზარ სუბარი ამბობს, რომ სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, მის უსაფრთხოებას არა ჩარკვიანი, არამედ ქართული პოლიცია უზრუნველყოფს.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რომ არ ჩამოვა, მგონი, ყველამ იცის და ყველაზე კარგად მისმა მომხრეებმა, თუმცა თაკო ჩარკვიანს იშვიათად ვეთანხმები და ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთ აზრზე ვართ – უნდა ჩამოვიდეს, მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს არა თაკო ჩარკვიანი, არამედ ქართული პოლიცია, რომელიც მას მშვიდობიანად მიაცილებს რუსთავში, მე-12 დაწესებულებაში, სადაც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ბადრაგი, დაცვა და დაწესებულების დირექტორი. თაკო ჩარკვიანმა, ნიკა მელიამ და გიორგი ბარამიძემ კარგად იციან, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა, რადგან ეშინია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს. ჩარკვიანის თქმით, ორგანიზაციის სახელწოდებაა „საერთო სახალხო მოძრაობა“.