სოზარ სუბარი – რუსულმა თვითმფრინავმა როცა ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს, ალექსანდრე ლომაიამ დასცინა რუსებს, სამიზნეები არ უვარგათო, ნახევარ საათში თვითმფრინავმა ლომაიას მითითების შესაბამისად დაარტყა
სატელევიზიო გადაცემები, უშიშროების საბჭოს პირდაპირი ეთერები ხომ არ ყოფილა კომისიაზე განხილული? ამ ეთერებით ვეუბნებოდით მტერს, რას აკეთებდა ქართული ჯარი, სად იყო განლაგებული და რას ბომბავდა. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა პირდაპირ ეთერში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა და „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარეს, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის ხელმძღვანელს, პაატა დავითაიას კითხვით მიმართა.
სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე ამ კუთხით ერთი ფაქტი გაიხსენა.
„გავიხსენებ ერთ ფაქტს, ეს ფაქტი კარგად მახსოვს, რადგან 31-ე ქარხანასთან ვცხოვრობდი, უშუალოდ ქარხნის წინ მქონდა ბინა. შემოფრინდა ერთი რუსული თვითმფრინავი, რომელმაც ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს. რამდენადაც მახსოვს, გამოვიდა ალექსანდრე ლომაია, უშიშროების საბჭოს მდივანი და დასცინა რუსებს – სამიზნეები არ უვარგათ, 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო. ამის შემდეგ, ნახევარ საათში შემოფრინდა მეორე თვითმფრინავი და ლომაიას მითითების შესაბამისად დაარტყა. ამის შედეგად კი ის ზოლი ააფეთქა. აი, ასეთი პირდაპირი კორექტირება მოწინააღმდეგის ცეცხლის, რუსები როგორც იტყვიან, „ნავოდკების“ მიცემა, განიხილეთ თუ არა კომისიის სხდომაზე და თქვენი, როგორც მაშინდელი კომისიის ხელმძღვანელის აზრით, არის თუ არა დასჯადი ღალატი პირდაპირ ეთერში? გვახსოვს, შოთა უტიაშვილს რომ რუკები ჰქონდა გამოფენილი და აჩვენებდა მტერს, თუ სად იყო და რას აპირებდა ქართული ჯარი. თქვენ, პრაქტიკულად, დაადასტურეთ ეს ფაქტი. ჟურნალისტი რომ შეცდომას უშვებს, ერთია, და როცა ამას სახელმწიფო მოხელე აკეთებს, იქნება ეს უშიშროების საბჭოს მდივანი თუ შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ეს ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, – მიმართა სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე პაატა დავითაიას.