სოზარ სუბარი - როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა და ასეთ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მჭიდრო ურთიერთობას, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ აშშ-სგან
სოზარ სუბარი - როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა და ასეთ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მჭიდრო ურთიერთობას, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ აშშ-სგან

როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა და ასეთ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მჭიდრო ურთიერთობას, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ აშშ-სგან, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ახლა. როდესაც ზოგადად რეგიონში არის დაძაბული ვითარება და ასეთ პერიოდში სახელმწიფო მდივანი ჩამოდის სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებში, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც არის ჩვენ ორ ქვეყანას შორის და იმ მხარდაჭერას რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ შეერთებული შტატებისგან; ეს არის დეოკუპაციის საკითხები თუ აშშ-საქართველოს ურთიერთობები, დასავლური ინტეგრაცია – ევროკავშირში იქნება თუ ნატო-ში“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა მკაფიოდ იყო გამოხატული ყველა ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც შეერთებულ შტატებს 30 წლის განმავლობაში ჰყოლია.

„ეს მხარდაჭერა მკაფიოდ არის გამოხატული ორპარტიული, ყველა ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც შეერთებულ შტატებს ჰყოლია ბოლო 30 წლის განმავლობაში.

შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა ახლა არის მართლაც უმაღლეს ნიშნულზე, მაგრამ არის საკითხები, სადაც სავარაუდოდ ახალი ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც თუ დაიძვრება, იქნება ძალიან კარგი. მესმის ეს არ არის ადვილი პროცესი, მაგრამ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით შესაძლებელია და კიდევ უფრო თანამშრომლობა ძალიან ბევრი მიმართულებით, რასაც ითვალისწინებს ჩვენი ერთობლივი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი“, – განაცხადა სუბარმა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, მართალია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება, მაგრამ „ბუნებრივია, ეს უნდა იყოს დღის წესრიგში“.

„როცა ქვეყანაში არჩევნები არის ახალი დამთავრებული, ბუნებრივია ამას გვერდს არ ავუვლით და რატომ უნდა ავუაროთ? ვიზიტის მიზანი ეს არ არის და ვიზიტი არჩევნებთან დაკავშირებით არ შემდგარა, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს უნდა იყოს დღის წესრიგში ეს არის აუცილებელი, როდესაც საქართველოში ჩატარდა მართლა დემოკრატიული არჩევნები, როდესაც ქართველი ამომრჩევლის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ხმა მისცა ოპოზიციურ პარტიებს და ისინი უარს ამბობენ ამ მინიჭებული მანდატის გამოყენებაზე, ბუნებრივია, ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ძალიან დიდხანს ვერ ავუვლით გვერდს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც საგარეო ურთიერთობებში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.