სოზარ სუბარი - როდესაც ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში, გვაინტერესებს კელი დეგნანის მკაფიო პოზიცია, უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნებს
სოზარ სუბარი - როდესაც ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში, გვაინტერესებს კელი დეგნანის მკაფიო პოზიცია, უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნებს

როდესაც ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში, გვაინტერესებს კელი დეგნანის მკაფიო პოზიცია, უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნებს, – აცხადებს დეპუტატი სოზარ სუბარი.

დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხუთი დღე გავიდა, რაც საქართველოს პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა ღია წერილით საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს და გარკვეულ კითხვებზე პასუხების გაცემა სთხოვა.

„ეს ის პასუხებია, რომელიც აინტერესებს არა მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილს, არამედ მაინტერესებს მეც, აინტერესებს საქართველოს პარლამენტის ძალიან ბევრ წევრს და დარწუნებული იყავით, აინტერესებს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას. პასუხი, სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ გაბრაზებულ და გაღიზიანებულ ტონს, როცა ქალბატონმა ელჩმა თქვა, რომ არ წაუკითხავს ეს წერილი, არც აინტერესებს და მიუხედავად იმისა, რომ არ წაუკითხავს, თითქოს ეს წერილი არის აღსავსე ტყუილებით და პროვოკაციებით, რაც ნამდვილად ასე არ არის.

ამიტომ მინდა, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კითხვებს, როდესაც ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში, როდესაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში და ეს არასმთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ აშშ-ის საელჩოს მკაფიო მხარდაჭერით; მაგალითად, როდესაც თქვა ეკა გიგაურმა, რომ გაიხნა შესაძლებლობის ფანჯარა, რუსეთი აგებს ომს უკრაინაში და საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობების ფანჯარა, რაც ნიშნავს პირდაპირ მოწოდებას ომში ჩართვისკენ; როდესაც საქართველოს სახალხო დამცველმა თქვა, რომ პრემიერის განცხადება, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, არის სამარცხვინო და გაცილებით უკეთესი იქნებოდა ცხელი ბომბები საქათველოს თავზე; სახალხო დამცველი აშშ-ის ელჩის ღია მხარდაჭერით სარგებლობს. შეიძლება, ქართველ ხალხს გაუჩნდეს ეჭვი, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ ადამიანების პოზიცია, ამ პოზიციას მხარს უჭერს კელი დეგნანიც. ამიტომ ჩვენ, ცხადია, გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს კელი დეგნანი ამ მოთხოვნებს და თუ არ უჭერს, მაშინ მკაფიოდ დააფიქსიროს ეს პოზიცია; გაემიჯნოს ამ პოზიციას და ეს იქნება ძალიან სერიოზული სიმშვიდის მომტანი ქართულ საზოგადოებაში, ქართველი ხალხი დაიჯერებს, რომ არაფერი არ ემუქრება საქართველოში სიმშვიდეს და საქართველოს არავინ არ მოუწოდებს ომში ჩართვისკენ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ კელი დეგნანისგან მკაფიო პოზიციების მოსმენა სურთ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

„როდესაც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს, რომ გაეშვა თვითმფრინავით მოხალისეები ომში ჩასართავად და პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი და ბრიტანეთის ჯერ კიდევ პრემიერი ჯონსონი მოუწოდებენ ტავის მოქალაქეებს, რომ არ ჩაერთონ ომში და არ წავიდნენ ომში უკრაინაში, გვაინტერესებს დეგნანის აზრი, მხარს უჭერს არასამთავრობოებს და ოპოზიციას, რომლებიც სთავაზობდნენ საქართველოს მთავრობას, გაეშვათ თვითმფრინავი, ემიჯნება ამ მოთხოვნებს? როდესაც ოპოზიცია ითხოვს დასანქცირებას ქართული სახელმწიფოსი, თითქოს საქართველო მხარს უჭერს რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში, ამას ამბობენ ოპოზიცია და არასამთავრობოები, ჩვენ მოვისმინეთ ამაზე ბრიტანეთის ელჩის მკაფიო პოზიცია, რომ მას არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია; კარგი იქნება, თუ დეგნანისგანაც მოვისმენთ ასეთ მკაფიო პოზიციას.

როდესაც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ძალიან მაინტერესებს, ეს არის ერთი პიროვნების აზრი, თუ ეს არის ის აზრი, რომელსაც შეიძლება, ქალბატონი კელი დეგნანიც იზიარებდეს. საინტერესო იქნება, დეგნანმა თქვას, ის ისევ ფიქრობს, რომ ივანიშვილი არის ფილანტროპი, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, თუ როგორც ყოფილი ელჩი ამბობს, ის არის ოლიგარქი – ამაზეც კარგი იქნება მისი აზრი. როდესაც ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ელჩი დუმილს არჩევს, ამ შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვები, ეს დუმილი ხომ არ არის ნიშანი იმისა, რომ ის ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ მოთხოვნებს აყენებენ.

ორიოდე დღის წინ დეგნანმა თქვა, რომ 22 არასამთავრობო მზად არის, თავისი მოთხოვნები დააყენოს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ის 12 პუნქტი, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად. მაგრამ, ამ 22 ორგანიზაციას შორის ძალიან ბევრია ისეთი ორგანიზაცია, რომლებიც დეგნანის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე იდგნენ მიტინგზე და ითხოვდნენ საქართველოს მთავრობის გადადგომას, ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომას, ტექნიკური მთავრობის შექმნას და პრაქტიკულად, ხელისუფლების გადაბარებას ოპოზიციისთვის. ძალიან გვაინტერესებს, დეგნანი როდესაც ამბობს, რომ ამ 22 ორგანიზაციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, იმ მთავარ გზავნილს იზიარებს თუ არა; მიაჩნია თუ არა, რომ უნდა გადადგეს მთავრობა და შეიქმნას საქართველოში ტექნიკური მთავრობა? ეს არის ის კითხვები, რაც გვაქვს“, – განაცხადა სუბარმა.