სოზარ სუბარი - როდესაც გყავს ისეთ აგრესიული მეზობელი, როგორიც რუსეთია,  მთავარი ძალა ჩვენს მოკავშირეებშია 
სოზარ სუბარი - როდესაც გყავს ისეთ აგრესიული მეზობელი, როგორიც რუსეთია,  მთავარი ძალა ჩვენს მოკავშირეებშია 

როდესაც გყავს ისეთი აგრესიული მეზობელი, როგორიც რუსეთია, მთავარი ძალა ჩვენს მოკავშირეებშია, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების აღდგენის გარანტები არიან, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ანგარიშს, სადაც საქართველოზეა საუბარი.

როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, არ იზიარებს ანგარიშში მოყვანილ დასკვნას, რომ „მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ეცდება ოპოზიციის ჩიხში მოქცევას და ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას“.

„როდესაც გვერდით გყავს ისეთი ძლიერი და აგრესიული მეზობელი, როგორიც რუსეთია, მთავარი ძალა ჩვენს მოკავშირეებშია, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების აღდგენის გარანტები არიან. რაც შეეხება ძალაუფლების შენარჩუნებას, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის რა დოზით გადასცემს. მთავარია, რომ 2012 წელი ბოლო წელი იყო, როდესაც არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ, მას შემდეგ მსგავსი რამ არ მომხდარა. არ მეგულება პარტია და არც იქნება სწორი, რომელიმე პარტიამ თქვას, რომ მე ვიხსნი ძალაუფლებას, რათა ის გადავცე ვინმე ინაშვილს, ან ვინმე სხვას”, – განაცხადა სუბარმა.

მისი განცხადებით, საუბარი, რომ ნატო-ში შესვლის შემთხვევაში საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი თქვას, არასწორია.

“აქ საუბარია ერთი ექსპერტის პოზიციაზე, მსგავსი შეიძლება მილიონი იყოს. რა გვინდა ჩვენ ნატო-სთან, ან ევროკავშირთან, ეს არის პირველ რიგში სწორედ ის, რომ ორივე სტრუქტურა უსაფრთხოების კუთხით არის საქართველოსთვის გარანტი. ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება. ჩვენი ქვეყნის 22% არის ოკუპირებული, და ვიცით რატომაც არის. ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი პარტნიორები არიან. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, ყველა საერთაშორისო სერიოზული მიმომხილველი ამბობს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, ყველაზე სწორი და დაბალანსებულია”, – განაცხადა სუბარმა.

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ანგარიშში გლობალური საფრთხეების შესახებ საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთის მხრიდან ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელისშეშლა რჩება.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ეცდება ოპოზიციის ჩიხში მოქცევას და ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას.