სოზარ სუბარი - პროტესტის გამოხატვის უფლება არ მოიცავს არც კარვის დადგმის, არც ციხე-სიმაგრის და არც ცხრა სასახლის აშენების უფლებას
სოზარ სუბარი - პროტესტის გამოხატვის უფლება არ მოიცავს არც კარვის დადგმის, არც ციხე-სიმაგრის და არც ცხრა სასახლის აშენების უფლებას

პროტესტის გამოხატვის უფლება თავის თავში არ მოიცავს არც კარვის დადგმის უფლებას, არც ციხე-სიმაგრის და არც ცხრა სასახლის აშენების უფლებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პარლამენტის შენობასთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაზე, რომ აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთო-ს სახელმძღვანელო პრინციპებში.

„არ მიმაჩნია, რომ ქალბატონი ნინო ლომჯარიას განცხადება სწორია, რადგან პროტესტის გამოხატვის უფლება თავის თავში არ მოიცავს არც კარვის დადგმის უფლებას, არც ციხე სიმაგრის და არც ცხრა სასახლის აშენების უფლებას. პროტესტის უფლებაა, გამოვიდეს და პროტესტი მშვიდობიანად გამოხატოს, წყნარად, მაგრამ არა ნაგებობების აღმართვით.

დღევანდელმა დღემ მკაფიოდ აჩვენა, რამდენად ფარისეველია „ნაციონალური მოძრაობა“. გუშინ გიორგი გახარიას გადადგომის წუთიდან მათ დაიწყეს ლაპარაკი, რომ „ქართული ოცნება“ სასწრაფოდ წამოვიდეს დიალოგზე და პარალელურად დაიწყეს ვითარების ესკალაცია და გამწვავება. პარალელურად დაიწყეს მუქარები, რომ უნდა მივარდნენ პოლიციელიების ოჯახებში, მათი მშობლები დედა, მამა და შვილები დააშინონ,  მათზე მოახდინონ ზეწოლა და ბულინგი. პარალელურად დაიწყეს ეს ძალისმიერი აქციები პარლამენტის წინ. ეს მათ ფარისევლობასა და ორმაგ სტანდარტზე მოქმედებს“, – განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება იმას, კარვის დადგმა შედის თუ არა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში, სუბარის თქმით, მსგავსი უფლება არ არსებობს და არსად არ წერია.

„შეიძლება, ზოგჯერ ხელისუფლებამ თვალი დახუჭოს. პარლამენტის უკან არის კარავი გაშლილი, მაგრამ როცა ლაპარაკია ცენტრალურ გზებზე, იქ ბუნებრივია, მსგავსი უფლება არ არსებობს. ამას არ ვლაპარაკობ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ამავე პოზიციაზე ვიყავი, როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი. როდესაც ძალიან კრიტიკული ვიყავი ხელისუფლების მიმართ. თუ ვინმე არ დაიჯერებს რასაც ვამბობ, შეუძლიათ, ჩემი განცხადებები ნახონ. როდესაც სტუდენტების აქციები იყო პარლამენტის წინ, მაშინ პოლიციამ ძალის გამოყენებით აიღო ეს კარვები. მე არ ჩამითვლია, რომ ეს უფლებების დარღვევა იყო.

მეორე მხრივ, ჩვენ გვახსოვს, როდესაც საკნებით იყო მოფენილი რუსთაველი და ეს გრძელდებოდა სამი თვის განმავლობაში. ის იყო არა ადამიანის უფლებების განხორციელება, არამედ მაშინ ხელისუფლების პოზიცია იყო, რომ შეგნებულად მისცა ამის უფლება, რომ რაღაცნაირად პროცესის მარგინალიზაცია მოეხდინა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.