სოზარ სუბარი - პრეზიდენტის ვიზიტებს ევროინტეგრაციის პროცესთან საერთო არაფერი ჰქონია, როდესაც რაღაცის გაკეთებას კონსტიტუციის დარღვევით ცდილობ, ყველაფერს ხაზი აქვს გადასმული
სოზარ სუბარი - პრეზიდენტის ვიზიტებს ევროინტეგრაციის პროცესთან საერთო არაფერი ჰქონია, როდესაც რაღაცის გაკეთებას კონსტიტუციის დარღვევით ცდილობ, ყველაფერს ხაზი აქვს გადასმული

ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან პრეზიდენტის ვიზიტებს საერთო არაფერი ჰქონია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„რაც უნდა მნიშვნელოვანი ვიზიტი ყოფილიყო, არის „მოწამლული ხის“ პრინციპი – როდესაც რაღაცის გაკეთებას კონსტიტუციის დარღვევით ცდილობ, ყველაფერს ხაზი აქვს გადასმული. იმიტომ, რომ კონსტიტუცია არავინ უნდა დაარღვიოს და განსაკუთრებით, არ უნდა დაარღვიოს პრეზიდენტმა“, – განაცხადა სუბარმა.

ამ განცხადებით სოზარ სუბარმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას უპასუხებს ოპონენტების განცხადებებს, რომ პრეზიდენტის ვიზიტები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ეხებოდა და ამ ვიზიტებმა მკაფიოდ გამოხატა უკრაინასთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიცია.

სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ როცა ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა ახლა დგას, ეს რამდენიმე კვირა უნდა გადავიაროთ და ხვალ შეიძლება, სრულიად სხვა სამყაროში ვიცხოვროთ.

„ამ შემთხვევაში დიახ, ყველა ნაბიჯი შეთანხმებული უნდა იყოს, პრეზიდენტისაც, პარლამენტისაც და მთავრობისაც. როცა გეუბნებიან, რომ არ უნდა წახვიდე, ესე იგი, არ უნდა წახვიდე. ყველაფერი არ ითქმის და ყველაფერზე მეც კი არ ვსვამ კითხვებს. იმიტომ, რომ ვენდობი ჩემ მიერ ხმამიცემულ მთავრობას. დღეს, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოზე. აი, ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, შთამომავლობა ამაზე მოითხოვს პასუხს და არა იმაზე, რა ფორმით გამოხატა პრემიერმა სათქმელი.

„შთამომავლობა ჩვენ ამაზე მოგვთხოვს პასუხს და არა იმაზე, რა ფორმით გამოხატა პრემიერმა სათქმელი, უფრო ხისტად უნდა ეთქვა, თუ უფრო რბილად. ხვალ ეს არავის ეხსომება. ხვალ ეხსომებათ ის, რომ ჩვენ ქვეყანა ვერ დავიცავით მაშინ, როცა ეგზისტენციური საფრთხე არსებობდა, რომ ქვეყანა მართლაც სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხის წინაშე დავაყენეთ, ქალაქები და სოფლები დანგრევის წინაშე, მოქალაქეთა სიცოცხლე კი საფრთხის ქვეშ, ან დავიცავით და გავედით სამშვიდობოს. აი, ეს ეხსომება ხვალ ისტორიას. ყველაფერი დანარჩენი არის კეკლუცობა ამომრჩევლის, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის, თუ ვიღაცის წინაშე“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარმა ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ელჩების დანიშვნა პრეზიდენტის უფლებამოსილება არ არის.

„ძალიან მნიშვნელოვან ქვეყნებში ელჩის დანიშვნაზე რომ არის ლაპარაკი და პრეზიდენტი ამბობს, არა, ელჩი ეს კი არა, სხვა უნდა იყოსო, ეს არ არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. როცა ელჩის დანიშვნა ვერ ხდება, რაც შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაში გაიწელოს, ეს უბრალოდ, ხელის შეშლაა სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის, არ ვიცი შეგნებულად და არ ვიცი, შეუგნებლად. შეიძლება, მას მიაჩნია, რომ სხვა ელჩია უკეთესი, მაგრამ საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთლიანად მთავრობა და კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტრო. ელჩები არიან საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლები და მათ უნდა შეასრულონ ის ფუნქციები, რასაც მათ სახელმწიფო, მთავრობა, საგარეო საქმეთა მინისტრი ავალებს და არა ის, რასაც, მაგალითად, პრეზიდენტი ეტყვის, ან დაურეკავს და ა.შ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.