სოზარ სუბარი - პრაქტიკულად დადასტურდა, რასაც ვამბობდით, რომ გიორგი გახარიამ შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა და გეგმა
სოზარ სუბარი - პრაქტიკულად დადასტურდა, რასაც ვამბობდით, რომ გიორგი გახარიამ შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა და გეგმა

პრაქტიკულად დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ გიორგი გახარიამ შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა და გეგმა – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„როდესაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა ის წარმოუდგენელი ღალატის აქტი, მთელი ოპოზიცია იყო გახარებული, განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიცია და ამბობდნენ, ეს ადამიანი და მისი პარტია მთლიანად წაიღებს და დაჯდება „ქართული ოცნების“ ხმებზეო. ჩვენ ვამბობდით, დიახ, ალბათ ასე იქნება, ნახევარზე მეტს ალბათ, ჩვენგან წაიღებს, მაგრამ მეორე მხრივ, რაღაც გარკვეულ ნაწილს ოპოზიციასაც წაართმევს-თქო. დღევანდელი გადასახედიდან, ოპოზიცია რომ მართალი ყოფილიყო, ცხადი იყო, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 55%-იანი მხარდაჭერა გვექნებოდა და თბილისშიც იგივე, კახა კალაძე 55%-მდე აიღებდა, ხოლო თუ ჩვენ ვიყავით მართალი, ამ შემთხვევაშიც ცხადი იყო, კახა კალაძე იმარჯვებდა პირველ ტურში და იმ ქალაქების აბსოლუტურ უმრავლესობაში, სადაც მეორე ტური გვაქვს, არჩევნები პირველ ტურში იქნებოდა დამთავრებული. ანუ, პრაქტიკულად დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ გიორგი გახარიამ შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა და გეგმა, თორემ ყოფილ პრემიერს, რომელიც ორნიშნა რიცხვს ვერ მიიღებდა, მერის არჩევნებისთვის ბრძოლაში არც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს იყო მისი დავალება და მან ეს დავალება შეასრულა. თუმცა, ამით ვერაფერი დააკლო „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა სუბარმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს არჩევნები დამაფიქრებელი „ქართული ოცნებისთვის“, როცა მმართველი პარტია შედეგებს აანალიზებს, რადგან რამდენიმე დიდ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ, ზოგან კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მინიმალური სხვაობით უსწრებს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ნებისმიერი არჩევნები არის გარკვეული გადატვირთვა და განვლილი გზის, შეცდომების და წარმატებების ახლიდან დანახვა, თუმცა, მეორე მხრივ, 2 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იმდენივე პროცენტი აიღო, რამდენიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

„თუ აქ გამოვრიცხავთ მოღალატის და მისი პარტიის პროცენტს, ამ შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ ჩვენ გაცილებით მეტიც ავიღეთ. ანუ, ამ შემთხვევაში, მთავარ ოპოზიციურ ძალასთან, მოძალადეების პარტიასთან შედარებით ჩვენ გვაქვს დიდი უპირატესობა და იმედი მაქვს, ის ამომრჩეველი, რომელმაც შეცდომით ჩათვალა, რომ მოღალატის პარტია „ოცნების“ პროექტი იყო, დღეს დაინახავს, საით არის სიმართლე და ბევრ ჩვენს თანამებრძოლს აეხილება თვალი. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელს, თუ შარშანდელ არჩევნებს შევადარებთ, ის არ არის გაუმჯობესებული და დაახლოებით, ერთი და იგივეა“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, მეორე ტური დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი და ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

„მეორე ტური ჩვენ გვქონდა 2014 წელსაც, როდესაც დავით ნარმანია იყრიდა კენჭს. ეს დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. როდესაც 50%-იანი ბარიერია, ბუნებრივია, მეორე ტური შეიძლება, გვქონდეს. იმიტომ, რომ არის ძალიან ბევრი კანდიდატი და ყველას თავისი ხმა მიაქვს, ზოგს სამასი, ზოგს სამიათასი და ეს ყველაფერი საბოლოოდ, აისახება იმაში, რომ მეორე ტური შეიძლება, გახდეს აუცილებელი. საზოგადოება არის ძალიან მრავალფეროვანი და ეს მრავალფეროვნება მათ მიერ მიცემულ ხმებშიც აისახება“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ წინა თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ყველა მერიას მოიგებს.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, სად წავა გიორგი გახარიას ხმები და უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „ქართულ ოცნებასა“ და გახარიას გუნდს შორის არსებული მძიმე ბრალდებების ფონზე მისი ამომრჩევლების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების სასარგებლოდ წავიდეს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ ტროას ცხენის მოვალეობა შეასრულა, ხოლო რაც შეეხება მის ამომრჩეველს, ეს ის ხალხი ნამდვილად არ არის, ვინც წავა და ხმას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მისცემს.

მისივე თქმით, საკრებულოებში მყარი უმრავლესობის მოსაპოვებლად კონსულტაციები იქნება გიორგი გახარიას გუნდის წევრებთან, მაგრამ არა გიორგი გახარიასთან.

„კონსულტაციები იქნება გახარიას გუნდის ინდივიდუალურ წევრებთან. მინუს გახარიას როცა ვამბობ, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ მისი პარტიის იმ წევრებს, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ. დავაზუსტებ – კონსულტაციები დიახ, იქნება ინდივიდუალურ წევრებთან, მაგრამ პარტიასთან და მის ხელმძღვანელთან არა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.