სოზარ სუბარი - პოდოლიაკისა და მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებები არის ძალიან არამეგობრული და ხშირ შემთხვევაში მტრულიც
სოზარ სუბარი - პოდოლიაკისა და მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებები არის ძალიან არამეგობრული და ხშირ შემთხვევაში მტრულიც

პოდოლიაკისა და მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებები არის ძალიან არამეგობრული და ხშირ შემთხვევაში საქართველოს მიმართ მტრულიც კი, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველ მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ, ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ამ სისხლისმღვრელ ომში საქართველოს სრული მხარდაჭერა და თანადგომა აქვს.

„რაც შეეხება პოდოლიაკის და მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებებს, ეს არის ძალიან არამეგობრული და არის ხშირ შემთხვევაში მტრულიც კი საქართველოს მიმართ. არავის საქმე არ არის საქართველოში ვისი სანქცირება მოხდება, თუ ვინმეს სანქცირება უნდათ მათ, პირველ რიგში აბრამოვიჩის და იმ რუსი ბიზნესმენების სანქცირებას დაუჭირონ მხარი, რომლებიც მართლა პუტინის გვერდით დგანან და მის ჯიბეს წარმოადგენენ, რომლებიც პუტინის მარჯვენა ხელები არიან და რომელთა სანქცირების მოთხოვნით არახამია თუ სხვა უკრაინელი პოლიტიკოსები დარბიან მთელ მსოფლიოში, ეხვეწებიან ყველას, რომ მოუხსენით ამ ადამიანებს სანქციები. ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების გარდა, არც საქართველოსთვის, არც რომელიმე ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია. ერთადერთი, რაც მან გააკეთა პოლიტიკაში, საქართველო იხსნა მართლა დიქტატურისგან და ავტოკრატიისგან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.