სოზარ სუბარი - პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაა, რაც შეიძლება უსაფრთხოდ გადაიყვანოს პატიმარი, ამისთვის რა მეთოდს შეარჩევს, მისი გადასაწყვეტია
სოზარ სუბარი - პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაა, რაც შეიძლება უსაფრთხოდ გადაიყვანოს პატიმარი, ამისთვის რა მეთოდს შეარჩევს, მისი გადასაწყვეტია

მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ვითომ შიმშილობის მეორე დღიდან მისი თანაპარტიელები, ადვოკატები გვარწმუნებდნენ, რომ მისთვის ბოლო დღე იყო, რამდენიმე საათი გაძლებდა, ლაპარაკი უჭირდა, მეხსიერების პრობლემა ჰქონდა. გუშინ ვნახეთ ადამიანი, რომელიც მშვენივრად გამოიყურება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა  საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, რომელი საავადმყოფო იქნებოდა შერჩეული სააკაშვილის მკურნალობისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად, ეს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის გადასაწყვეტი იყო.

„შეიძლება, შიმშილობის გარკვეულ ფორმას მიმართავს, მაგრამ ეს ფორმა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამ ეტაპამდე საფრთხეს არ უქმნიდა. როცა ექიმების კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის ექიმების მეტ მეთვალყურეობას საჭიროებდა, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. რომელი საავადმყოფო იქნებოდა შერჩეული, სად იქნებოდა მკურნალობისთვის შესაბამისი პირობები და უსაფრთხოება უკეთ დაცული, ეს იყო პენიტენციალური სამსახურის სამედიცინო პერსონალის გადასაწყვეტი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც სუბარი ამბობს, პენიტენციური სამსახური პატიმრის გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს კანონისა და მისი შიდაწესების მიხედვით.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით მე-18 დაწესებულება ყველაზე ადეკვატურია და ნორმალური პირობებია. წინასწარი შეტყობინება და პატიმრების თანხმობა, თუ სად იქნება მოთავსებული, ამის უფლება არ არსებობს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანასა და არც ერთ კონვენციაში. ასეთ გადაწყვეტილებას პენიტენციური დაწესებულებები იღებენ თავისი შეხედულების მიხედვით. პენიტენციური სამსახური პატიმრის გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს კანონისა და მისი შიდაწესების მიხედვით, ამ შემთხვევაში, სრულიად მართლები არიან. განსხვავებით მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდისგან, როცა ადამიანებს მე-7 დაწესებულებაში ათავსებდნენ, რომელიც იყო იმ პატიმრებისთვის, ვინც იყვნენ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები. გვახსოვს იქ მოთავსებული მინისტრები, კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელიც არა მხოლოდ ამ დაწესებულებაში მოათავსეს, არამედ სარდაფში, სადაც ადამიანის ერთი საათით გაჩერებაც არის წამებასთან და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული. მიხეილ სააკაშვილი რომელ საკანშიც არის, ნორმალური, კომფორტულია, ისეთი, როგორიც აქვს ყველა პატიმარს. რაც შეეხება მის მოტყუებით გადაყვანას, პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაა, რაც შეიძლება უსაფრთხოდ გადაიყვანოს პატიმარი და ამისთვის რა მეთოდს შეარჩევს და რას ეტყვის, ეს მისი გადასაწყვეტია. რა მეთოდი აირჩიეს, არ ვიცი, მაგრამ პატიმარი ისე მიიყვანეს ადგილამდე, რომ ამას არანაირი გართულება არ მოჰყოლია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.