სოზარ სუბარი - ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი მოლაპარაკების მიმართ ახლა გაცილებით კონსტრუქციულია
გუშინ ორივე მხარე გამოვიდა ძალიან პოზიტიური განწყობით, მძიმე მოლაპარაკებების მიუხედავად, განწყობა იყო პოზიტიური, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი გაცილებით კონსტრუქციულად არის განწყობილი მოლაპარაკების მიმართ.
უმაღლეს დონეზეა ჩართული ევროკავშირი, შეერთებული შტატებიც და დარწუნებული ვარ, ეს დადებითად დამთავრდება. მართალია, არიან ადამიანები, რომლებსაც არანაიარად არ აწყობთ მოლაპარაკებები და მათი ყოველი განცხადება ჩაშლისკენ არის მიმართული. გუშინ ვნახეთ ნათელაშვილი, რომელმაც დატოვა მოლაპარაკებები, ხოლო საღამოს ვნახეთ სააკაშვილის განცხადებები, როდესაც ჩვენ მეგობარი ქვეყნების ელჩებს უწოდა იდიოტი, პრაქტიკულად უწოდა ძაღლები. მაგრამ ჩვენ ამას უნდა შევადაროთ ქართული ანდაზა „კოკასა შიდა რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების” . ეს არის ადამიანი, რომელმაც ევროპას, ამერიკას უწოდა კოლონიზატორები, საქართველოს, უკრაინასთან მიმართებით. არ უნდა გაგვიკვირდეს მისგან ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები. მოლაპარაკებებზე ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს. ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი გაცილებით კონსტრუქციულად არის განწყობილი მოლაპარაკების მიმართ, ვიდრე ადრე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ევროპარლამენტარებისა და იან კელის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ამორალური და იდიოტია, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, გავლენებს“.