სოზარ სუბარი - ოპოზიცია მზად თუ არ იქნება რეალური მოლაპარაკებისთვის, ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით
სოზარ სუბარი - ოპოზიცია მზად თუ არ იქნება რეალური მოლაპარაკებისთვის, ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით

დიდი ხანია არ გამართულა არანაირი შეხვედრა, რადგან შედეგს ვერ ვხედავთ ვერც ჩვენ და ვერც ფასილიტატორი, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მზად თუ არ იქნება რეალური მოლაპარაკებისთვის, მმართველი გუნდი ბრიუსელში საკუთარი ხედვით წავა.

„ჩვენი სურვილი და მიზანია, ყველაფერი დალაგდეს, ყველაფერი იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოში, რაც გულისხმობს, რომ როდესაც ადამიანი ხმას აძლევს რომელიმე პარტიას, მან სახელმწიფოს ნგრევა კი არ უნდა დაიწყოს, უნდა შევიდეს პარლამენტში და იქ იდებატოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამას არ აკეთებს. რაუნდებს მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა რაღაც შედეგზეა ორიენტირებული. დიდი ხანია არ გამართულა რაუნდი და არანაირი შეხვედრა იმიტომ, რომ შედეგს ვერ ვხედავთ ვერც ჩვენ და ვერც ფასილიტატორი. ოპოზიცია მზად თუ იქნება რეალური მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, თუ არ იქნებიან, ისევ და ისევ უაზრო შეხვედრას აზრი არ აქვს. ჩვენ ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით, ჩვენი კონსტიტუციური ჩარჩოთი, სადაც ვიტყვით, რომ ადამიანებმა მიიღეს ხმა, შებრძანდნენ პარლამენტში, თუ ლაპარაკია რიგგარეშე არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, ოღონდ მიზეზი უნდა გვქონდეს. შესაძლო გაყალბების შესწავლის ყველანაირი ბერკეტი არსებობს. ოპოზიციას რაღაც ეჭვები თუ ებადება, ჩვენ და ოპოზიციამ ერთად ვთხოვოთ ევროკავშირს, მოავლინოს თავისი ექსპერტები, რომლებიც დასხდებიან საგამოძიებო კომისიაში და ნახავენ, გაყალბდა თუ არა არჩევნები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება პლებისციტს, სუბარმა აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომ აღარ ითხოვს ოპოზიცია პლებისციტის ჩატარებას, თუ მიაჩნიათ, რომ ეს კარგი აზრია.

„პლებისციტის იდეა ჩემთვისაც სრულიად გაუგებარი იყო, მაგრამ ოპოზიცია რატომ აღარ ითხოვს ამას და რატომ ვერ ყალიბდებიან, რა უნდათ, მე ეს ნამდვილად არ ვიცი. მუდმივად იცვლება მათი მოთხოვნები. მართლა თუ მიაჩნიათ, რომ პლებისციტი კარგია, მაშინ რატომ არ რჩებიან ამ აზრზე ბოლომდე და რატომ ექცევიან იმის გავლენის ქვეშ, რას იტყვის სააკაშვილი, ქვეყნიდან გადახვეწილი ადამიანი“, – განაცხადა სუბარმა.