სოზარ სუბარი - ოპოზიცია დაემორჩილოს კანონის უზენაესობას და ხმების იმ რაოდენობას, რასაც ჯერ კიდევ აძლევს ამომრჩეველი
სოზარ სუბარი - ოპოზიცია დაემორჩილოს კანონის უზენაესობას და ხმების იმ რაოდენობას, რასაც ჯერ კიდევ აძლევს ამომრჩეველი

ოპოზიცია დაემორჩილოს კანონის უზენაესობას და ხმების იმ რაოდენობას, რასაც ჯერ კიდევ აძლევს ამომრჩეველი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ნორმალური წინადადებებით და შევიდნენ პარლამენტში.

ამასთან, სუბარმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან გამოცდილი გუნდის წევრია და უმრავლესობის წევრებისგან ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი. პირველი წუთიდან, როცა დაიწყო „ქართული ოცნების“ ფორმირება და ჩამოყალიბება, ის იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბურჯი, თანამებრძოლე. ძალიან გამოცდილი გუნდის წევრი. მინდა გითხრათ, რომ საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია ჩვენი გუნდის ძველ და ერთგულ წევრებში ისევე, როგორც აბსოლუტური ერთსულოვანი მხარდაჭერა იყო უმრავლესობის წევრებისგან. ვისაც არ გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში, კიდევ დიდხანს იტრიალებს მისი აჩრდილი თქვენს თავზე და რადგან გეშინიათ ამ აჩრდილების, გეშინოდეთ. მე ვერაფერს გიზამთ, ვერ დაგამშვიდებთ ამ შემთხვევაში. თუმცა, ოპოზიციას მაინც მინდა, მოვუწოდო, ცოტა დავამშვიდო, მათი დილის ხანმოკლე სიხარული, ეიფორია აღმოჩნდა მართლა ძალიან ხანმოკლე. სულ რაღაც რამდენიმესაათიანი.

ახლა მათთან მექნება რამდენიმე მოწოდება. პირველი, დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ნორმალური წინადადებებით, შემოვიდნენ პარლამენტში და გააგრძელონ მუშაობა პარლამენტში. ნუ გაუქარწყლებენ ბოლომდე ნდობას თავის ამომრჩეველს, რომელმაც მათ ხმა მისცა, მეორე, დაემორჩილონ კანონს და კანონის უზენაესობასა და კანონზე მაღლა ვერავინ დადგება, ვერანაირი ძალადობა, გადატრიალება, რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ მოხდება. ამას შეეგუონ. შეეგუონ ხმების იმ რაოდენობას, რასაც ჯერ კიდევ აძლევს ამომრჩეველი, თორემ აღარ მისცემენ საერთოდ ხმას, რადგან თუ ასე გააგრძელებენ, ყველა დაინახავს, რომ მათთვის ხმის მიცემა მართლა არ შეიძლება. მესამე მოწოდება მექნება მათი ლიდერის მიმართ, ქვეყნის გარეთ რომელიც არის, გარდაუვალია საბოლოოდ, რომ სამართალი აღსრულდება და რაც დროზე ჩამოვა და მოიხდის თავის სასჯელს, რომელიც მისჯილი აქვს სამართლიანი სასამართლოების მიერ, მით უკეთესი იქნება მისთვის, რადგან არ არის სასიამოვნო, ადამიანი ასაკში იჯდეს ციხეში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ გახარიამ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.