სოზარ სუბარი - ნორა კვიციანი არ იყო უბრალოდ პოლიტიკური პატიმარი, ის იყო სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური მძევალი
სოზარ სუბარი - ნორა კვიციანი არ იყო უბრალოდ პოლიტიკური პატიმარი, ის იყო სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური მძევალი

გუშინ გარდაიცვალა სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი, ქალბატონი ნორა კვიციანი-არღვლიანი, ამჟამად დედა კვიციანი, მონაზონი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ვიცნობ მრავალი ათეული წელია და ადამიანი, რომელიც იყო განსახიერება პატრიოტიზმის, ქართველი ქალის ღირსების და გაუტეხელი სულის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, სწორედ ნორა კვიციანმა შეძლო კოდორის ხეობის დაცვა წლების განმავლობაში.

„1993 წელს, სოხუმის დაცემის შემდეგ, მეც იქ ვიყავი, ჯერ სოხუმში, შემდეგ ხეობა გადმოვიარე დევნილებთან, ჯარისკაცებთან ერთად, ნორა კვიციანი ახერხებდა ორგანიზებას, რომ არცერთი ადამიანი, ვინც ამ ხეობაზე გაივლიდა, არ დარჩენილიყო თავშესაფრისა და ლუკმაპურის გარეშე. ყველას გვერდით იყო, მისი სახლი იყო გადაქცეული ყველას სახლად, ასე გრძელდებოდა იმ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიდრე სააკაშვილი იქ ყველაფერს თავდაყირა არ დააყენებდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა, რომ 15 წლის განმავლობაში ვერავინ მოახერხა კოდორის ხეობის აღება, თავის ძმასთან ემზარ კვიციანთან ერთად და ხეობის სხვა გმირ დამცველებთან ერთად ერთი დღე არ გამოსულა კოდორიდან, ყოველდღე იქ იყო, ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე. მისი მაღალი ავტორიტეტი იყო სწორედ იმის გარანტი, რომ ხეობა იყო შეკავშირებული, ერთად ახერხებდნენ, დაეცვათ ოკუპანტისგან, ვიდრე 2006 წელს სააკაშვილმა არ შეიყვანა იქ ჯარები და 2008-ში უკვე ჩააბარა ხეობა ისე, რომ გატეხა იქ მებრძოლების სული. ერთი წინააღმდეგობა არ შეხვედრია ოკუპანტს, ერთი თოფი არ გავარდნილა ხეობაში. მეტსაც გეტყვით, ისე გამოიყვანა იქიდან სამხედრო შენაერთები, რომ მოსახლეობა არც კი გაუფრთხილებია, რა საფრთხე ელოდებოდათ. რომ არა სწორედ ნორა კვიციანი, იქ საოცრებები დატრიალდებოდა“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, ნორა კვიციანი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს უკანონოდ დააკავეს.

„ეს იყო ადამიანი, რომელიც დაიჭირეს სრულიად უკანონოდ, წაყენებული ჰქონდა სამი ბრალდება – უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. სახალხო დამცველი ვიყავი მაშინ და 32-გვერდიანი დასკვნა მაქვს გაკეთებული, სადაც დეტალურად არის განხილული, რამდენად უსამართლო და უკანონო იყო ის ბრალდებები, არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა საქმეში. უფრო მეტიც, არათუ მტკიცებულებები არ არსებობდა, მოწმეებმა, რომელთაც ძალით მიაცემინეს ჩვენებები, სასამართლოზე აღიარეს, როგორი წამებისა და მუქარის ქვეშ მისცეს ეს ჩვენები. ეს ადამიანები დააპატიმრეს და იმათ კიდევ ჩვენების შეცვლის გამო შეუცვალეს სასჯელი. ამ ადამიანს ექვსი წელი მიუსაჯეს სრულიად უკანონოდ და ძალიან ღირსეულად, ყოველგვარი ჩივილის გარეშე იხდიდა ამ დაუმსახურებელ სასჯელს, განსხვავებით ზოგიერთი პატიმრისგან, რომლებიც ვერც ციხეს უძლებენ და შეძრეს ჩივილით მთელი სამყარო. ღირსეულად იცხოვრა, ღირსეულად გარდაიცვალა და, უბრალოდ, მინდა, მის ოჯახს, მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ ვუთხრა სამძიმარი. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ნამდვილი გმირები. გმირი, რომელმაც 15 წლის განმავლობაში შეძლო, კოდორის ხეობა შეენარჩუნებინა. რომ არა მისი პირადი, ძალიან მაღალი ავტორიტეტი, ვერავინ შეძლებდა იმის გაკეთებას, რომ ეს ხეობა ყოფილიყო შენარჩუნებული. ემზარ კვიციანიც, უამრავი სხვა გმირიც იქ იყო, მაგრამ პირველი და მთავარი მაინც იყო სწორედ ნორა კვიციანი-არღვლიანის ავტორიტეტი. ის არ იყო უბრალოდ პოლიტიკური პატიმარი, ის იყო პოლიტიკური მძევალი, რომელიც დააპატიმრეს მხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმი დევნიდა მის ძმას, შვილს და მათი დაჭერა რომ ვერ მოახერხა, დაიჭირეს დედა და და“, – განაცხადა სუბარმა.