სოზარ სუბარი - ნინო გვენეტაძეს გადადგომის სხვა მიზეზი რომ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, დასახელებას არ მოერიდებოდა
სოზარ სუბარი - ნინო გვენეტაძეს გადადგომის სხვა მიზეზი რომ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, დასახელებას არ მოერიდებოდა

ნინო გვენეტაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, გადადგომის სხვა მიზეზი რომ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, დასახელებას არ მოერიდებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, მისთვის ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო.

„ტაძარში თქვენთან ერთად ვიდექი, როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე. არც გამიგია, რომ მას როდესმე მსგავსი გადაწყვეტილების სურვილი ჰქონდა. მე რაც წავიკითხე, მან განაცხადა, რომ ეს ჯანმრთელობის გამოა. სავარაუდოდ ალბათ ასეა. ნამდვილად არ მაქვს სხვა ინფორმაცია, რამე სხვა მიზეზი ხომ არ არსებობს. რამდენიმე თვის წინ ყველამ ერთად მოვისმინეთ, როცა ის იუსტიციის საბჭოში არსებულ დისკომფორტზე და მის მიმართ ზეწოლაზე საუბრობდა. თუმცა, არ მგონია, რომ ეს მიზეზი გამხდარიყო. რადგან მან თქვა, რომ ჯანმრთელობის მიზეზია, ალბათ ეს უნდა ვივარაუდოთ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კითხვაზე, არის თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობა გადადგომის რეალური მიზეზი, სუბარმა აღნიშნა, რომ ნინო გვენეტაძემ ეს მიზეზი დაასახელა და სავარაუდოდ ასეა.

„არ ვიცი, ვერ ვიმარჩიელებ. ნინო გვენეტაძე ადამიანია, რომლის მიმართაც მე პირადად ძალიან მაღალი ნდობა და პატივისცემა მაქვს. რადგან მან ეს მიზეზი თქვა, სავარაუდოდ ეს არის მიზეზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ის სხვა მიზეზის დასახელებას არ მოერიდებოდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კითხვაზე, ნინო გვენეტაძის გადადგომისა და ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დროში დამთხვევა მხოლოდ შემთხვევითობა თუ არა, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ მსგავსი კავშირი შეუძლებლად მიაჩნია.

„ყველაფერი მომივიდოდა აზრად, მაგრამ ამ გადადგომის ციანიდის საქმესთან რამენაირად კავშირი მართლა ძალიან მოულოდნელი იყო, თქვენგან რაც მოვისმინე. შეუძლებელი მგონია, რომ მსგავსი რამე იყოს. რაც შეეხება ხელისუფლების დაკვეთას ციანიდის და ნებისმიერ სხვა საქმესთან დაკავშირებით, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება გახდა.