სოზარ სუბარი - ნებისმიერი დამნაშავე, იქნება ეს ვინმე ლავას ოღლი თუ ვინმე სააკაშვილი, კანონის წინაშე აგებს პასუხს
სოზარ სუბარი - ნებისმიერი დამნაშავე, იქნება ეს ვინმე ლავას ოღლი თუ ვინმე სააკაშვილი, კანონის წინაშე აგებს პასუხს

ნებისმიერი დამნაშავე, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოს, იქნება ეს ვინმე ლავას ოღლი თუ ვინმე სააკაშვილი, ერთ მშვენიერ დღეს, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, – ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჰკითხეს, რა პოზიცია აქვს სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით და შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყოს მოლაპარაკებები ჰოლანდიასთან ექსპრეზიდენტის შესაძლო ექსტადირებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან სწორედ ჰოლანდიაში ჩავიდა.

„ჩემი პოზიცია არის ძალიან მარტივი, ნებისმიერი დამნაშავე, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოს, იქნება ეს ვინმე ლავას ოღლი თუ ვინმე სააკაშვილი, ყველა აგებს პასუხს ერთ მშვენიერ დღეს კანონის წინაშე, წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ეს დღე დადგება და როდის, დღეს, ხვალ თუ ზეგ არ ვიცი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამავე თემაზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს იუსტიციის მინისტრსაც, თუმცა თეა წულუკიანმა კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის მიხეილ სააკაშვილის საკითხი არასერიოზულია.