სოზარ სუბარი - ნებისმიერ შეზღუდვას ახლავს უხერხულობა, დისკომფორტი, ამ დისკომფორტს განვიცდით ყველა, ასეთ დროს გასაგებია უკმაყოფილება
სოზარ სუბარი - ნებისმიერ შეზღუდვას ახლავს უხერხულობა, დისკომფორტი, ამ დისკომფორტს განვიცდით ყველა, ასეთ დროს გასაგებია უკმაყოფილება

აზრთა სხვადასხვაობა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება, პოლიტიკური სპექტრის რაღაც განცხადებები – ეს ყოველთვის იქნება, ბუნებრივია, ყველა ერთ აზრზე ვერ ვიქნებით, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

მისივე თქმით, ნებისმიერ შეზღუდვას ახლავს უხერხულობა, ახლავს დისკომფორტი, რასაც ყველა განიცდის და უკმაყოფილებაც გასაგებია.

„შეფასების მთავარი კრიტერიუმი იქნება, როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, რამდენად მსუბუქად გადავრჩით ეპიდემიას, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ, რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა შევინარჩუნეთ და რამდენად შევაჩერეთ ეპიდემიის გავრცელება. აი, ეს არის მთავარი, რისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძვით. დანარჩენი, ბუნებრივია, ნებისმიერ შეზღუდვას ახლავს უხერხულობა, ახლავს დისკომფორტი, ეს ამ დისკომფორტს განვიცდით ყველანი, თქვენც, მეც, ნებისმიერი მოქალაქე, ნებისმიერი ადამიანი, ასე რომ გასაგებია ასეთ დროს უკმაყოფილებაზე საუბარი. ზოგი მეტი გაგებით ეკიდება, ზოგი ნაკლებით“, – განაცხდა სოზარ სუბარმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა საპატრიარქოსთან დაკავშირებულ საკითხზეც.

„რაც შეეხება საპატრიარქოსთან ურთიერთობებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო წავსულიყავით ძალიან მკაცრი აკრძალვის გზით, მაგრამ მორწმუნე საზოგადოებაც, ნაკლებად მორწმუნეებიც, ათეისტებიც, ყველანი ვართ ერთი საზოგადოების შვილები და ბუნებრივია, ყველას აზრის გათვალისწინება არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით, როცა ეს ეხება საზოგადოების დიდ ჯგუფს და აქ არ არის მხოლოდ უმრავლესობის ეკლესიაზე ლაპარაკი, მართლმადიდებელ ეკლესიაზე, არამედ ლაპარაკი არის ზოგადად, რწმენის თავისუფლებაზე და ყველა იმ რელიგიურ ჯგუფზე, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში. დიახ, წავედით არა ძალიან მკაცრი აკრძალვების გზით, არამედ მოლაპარაკებების გზით და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან სწორი გზა და ამ მოლაპარაკებებმა მოგვცა სწორედ ის შედეგი, რომ დღეს საქართველოს ეკლესიებში არის დაცული დისტანცია, უმრავლესობაში და ვხედავთ ამის დარღვევებს, ისევე როგორც ვხედავთ ამის დარღვევებს სხვაგანაც, მაგრამ ასეთ დროს ხელისუფლება მოქმედებს. მე ვფიქრობ, გადაწყვეტილება არის ძალიან სწორი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.