სოზარ სუბარი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა 08.08.08, რის შეცვლასაც ისტერიულად ცდილობს, გმირების მშობლებს ვერ უყურებენ თვალებში, ამიტომ მოიპარებიან 7 აგვისტოს
სოზარ სუბარი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა 08.08.08, რის შეცვლასაც ისტერიულად ცდილობს, გმირების მშობლებს ვერ უყურებენ თვალებში, ამიტომ მოიპარებიან 7 აგვისტოს

დღეს პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას, ამ ბიჭების გმირობა არის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ეს დღე დადგება, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიზეიმებთ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„აგვისტოს ომი ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია, მაგრამ ამავდროულად ეს არის დღეები, რომლებიც სავსეა გმირობით, სამშობლოსთვის თავდადების, ერთმანეთისთვის თავის გაწირვის მაგალითებით და ეს გმირები სწორედ ამ სასაფლაოზე განისვენებენ. დღეს პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. ამ ბიჭების გმირობა არის იმის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ეს დღე დადგება, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიზეიმებთ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სოზარ სუბარის თქმით, ომი არ დაწყებულა არც 7 და არც 8 აგვისტოს. სუბარის განცხადებით, ომი დაიწყო რამდენიმე წლით ადრე და არ დასრულდება იქამდე, ვიდრე არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

„ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს მშვიდობიანი გზით, ჩვენს ძმებთან და დებთან, ოსებთან და აფხაზებთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზით. რაც შეეხება კონკრეტულად აგვისტოს ომს, უშუალოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო 7 აგვისტოს, როცა შემოვიდა რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა სამწუხაროდ, მაშინდელი მთავრობის ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები გვაქვს. კონკრეტულად გეტყვით. პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებაში, რომელიც გამოიცა 9 აგვისტოს, პირდაპირ წერია, რომ 8 აგვისტოს შემოვიდნენ რუსეთის ფედერაციის ძალები საქართველოში. ეს არის ტყუილი, მაგრამ ეს არის ტრადიცია, რომელიც დაამკვიდრა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. 2008-2012 წლებში 8 აგვისტოს ხდებოდა ომის დაწყების თარიღის აღნიშვნა. სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა თარიღი 08.08.08. 8 აგვისტო არის ის თარიღი, როდესაც დაღუპული გმირების მშობლები ამოდიან სასაფლაოზე. ჩვენ არ ჩაგვითვლია, რომ ეს ტრადიცია გადახედილიყო. ამ ტრადიციას მივყვებით დღესაც და კარგი იქნებოდა, თავის დროზე პრეზიდენტს 8 აგვისტო კი არ ჩაეწერა ბრძანებულებაში, არამედ 7 აგვისტო.

მეორე საკითხი არის 2008 წლის 2 ოქტომბრის სტრასბურგის რეზოლუცია, სადაც ქართულმა მხარემ და მაშინდელმა პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს. წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა დაიწყო, ანუ იქ საერთოდ არ წერია, რომ რუსეთი შემოიჭრა 8 აგვისტოს, შემოიჭრა 7 აგვისტოს. ჩვენ რომ ახლა 7 აგვისტოზე ვლაპარაკობთ, ეს რაღაცნაირად ამ ქმედების გამართლებაც იქნება, ამიტომ ტრადიცია რაც არის, იმას მივყვებით. კიდევ ერთი, რის გამოც ასე ისტერიულად ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ გადაიხედოს ის ტრადიცია, რომელიც დაამკვიდრა 2008 წელს, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერ ამოდიან და თვალებში ვერ უყურებენ მშობლებს, რომლებიც სწორედ 8 აგვისტოს ამოდიან აქ. ისინი მოიპარებიან აქ 7 აგვისტოს, რომ მშობლებს თვალებში ვერ ჩახედონ. იმ მშობლებს, რომელთა შვილები დატოვეს და რომ არ ყოფილიყო საქართველოს პატრიარქი, რომ არ ყოფილიყო თომარ ჰამერბერგი, მათი გამოსვენება ვერ მოხდებოდა და არც არავინ ზრუნავდა მათ გამოსვენებაზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.