სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველი არჩევნების წაგების შემდეგ ცდილობს, ქუჩაში გადაიტანოს პოლიტიკა, არც ეს გამოსდით, ახლა გადავიდნენ სრულ დესტრუქციაზე, იხვეწებოდა მელია, იმდენი მაინც გამოდით, რომ სანაპიროები გადავკეტოთო
სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველი არჩევნების წაგების შემდეგ ცდილობს, ქუჩაში გადაიტანოს პოლიტიკა, არც ეს გამოსდით, ახლა გადავიდნენ სრულ დესტრუქციაზე, იხვეწებოდა მელია, იმდენი მაინც გამოდით, რომ სანაპიროები გადავკეტოთო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს ისე, რომ დღემდე ვერ ჩამოაყალიბა, რა არის მისი მთავარი მოთხოვნა.

„აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ, რადგან სააკაშვილი შიმშილობს ისე, რომ დღემდე ვერ ჩამოაყალიბა, რა არის შიმშილობის მიზანი, რა არის მისი მთავარი მოთხოვნა. და შიმშილობს ათი კაცი, მოშიმშილე პატიმარი გადაიყვანეთ საავადმყოფოშიო, თუმცა ვერ გავიგეთ ისევ, ის რაზე შიმშილობს, რა არის მისი მოთხოვნა, თუ ახლა მაინც და მაინც შიმშილობა უნდათ, ბუნებრივია, ეს მათი უფლებაც არის და შედეგებზე პასუხისმგებლობაც არის მათი, მაგრამ თუ მაინც და მაინც შიმშილობა უნდოდათ, იშიმშილონ იმ მოთხოვნით, რომ მოშიმშილე პატიმარმა შეწყვიტოს შიმშილობა. ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა, რაღაც ლოგიკაში ჩაჯდებოდა. ახლა მართლა ვერ ვიგებთ, რას ითხოვენ და რა უნდათ.

მოთხოვნა, ზოგადად ხშირად რასაც აჟღერებენ ხოლმე, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს ციხიდან, არის შეუძლებელი და ამის აღსრულების შანსი არ არსებობს. პირველი  – იმიტომ, რომ მას აქვს მისჯილი სამართლიანი სასამართლოს მიერ და არსებობს გათავისუფლების ორად ორი გზა – პრეზიდენტმა შეიწყალოს და მან მკაფიოდ თქვა, რომ არ შეიწყალებს, მეორე – სტრასბურგის სასამართლომ გადახედოს და თუ დაადგენს დარღვევას, ამის შემდეგ შეიძლება, თავიდან დაგვავალოს განხილვა. სტრასბურგის სასამართლოში დიდი ხნის წინ არის ეს განაჩენები გასაჩივრებული, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს რომ დაენახა იქ რეალური დარღვევები, დაიწყებდა დაჩქარებულ განხილვას. რადგან დაჩქარებული განხილვა არ დაწყებულა, ესეიგი, სტრასბურგიც ხედავს, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დარღვეული არ არის.  არსებობს კიდევ ორი საქმე, რომლებზეც სასამართლო განხილვა მიდის და სულ მცირე ერთი საქმე, რომელზეც დაწყებულია გამოძიება. ვგულისხმობ საზღვრის უკანონო გადმოკვეთას. სულ მცირეს ვამბობ, რადგან არ ვიცი, დაწყებულია თუ არა გამოძიება სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიმართ სააკაშვილისგან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფის მიყენების ფაქტზე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სოზარ სუბარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ყველა არჩევნების წინ ქმნის კატასტროფის სურათს და ყველა არჩევნების შემდეგ აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ვერც ერთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში აგებს ყველა არჩევნებს, მათ წააგეს რვა არჩევნები და ყველა შუალედური არჩევნები, რომელიც რვაზე მეტი იყო. ყველა არჩევნების წინ ისინი ქმნიან კატასტროფის სურათს და ყველა არჩევნების შემდეგ გაბუტულები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ვერც ერთ ფაქტს ვერ წარმოადგენენ ხოლმე არჩევნების გაყალბების შესახებ. არჩევნები ჩატარდა და შემდეგი არჩევნები იქნება ზუსტად სამი წლის შემდეგ, 2024 წლის სექტემბერში. ყოველი არჩევნების წაგების შემდეგ ისინი ცდილობენ, ქუჩაში გადაიტანონ პოლიტიკა, არც ეს არ გამოსდით, რამდენიმე ასეული კაცით იწყებენ და რამდენიმე ათეულზე ჩამოდიან ბოლოს, ახლა გადავიდნენ სრულ დესტრუქციაზე. იხვეწებოდა დღეს ნიკა მელია, გთხოვთ, გამოდით იმდენი ადამიანი მაინც, რომ გადავკეტოთ სანაპიროებიო, სანაპიროს გადაკეტვა რამდენად კანონში ჯდება, ალბათ, სანახავია, რადგან ზოგადად შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება დაცულია, არსებობს ხუთ დღიანი წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, მაგრამ ამაზე რომ თვალი დავხუჭოთ, რამდენადაც მე ვიცი, სანაპირო გადის ავტომაგისტრალებში, ავტომაგისტრალის გადაკეტვა კანონით არის აკრძალული, ისევე როგორც რკინიგზის ხაზის გადაკეტვა. სხვა მხრივ, სადაც კანონს არ დაარღვევენ, მათ აქვთ სრული უფლება, ჩაატარონ აქციები, ოღონდ, როდესაც ეს აქციები მიიღებს ისეთ ხასიათს, როგორიც არის ავტომაგისტრალის გადაკეტვა, რკინიგზის გადაკეტვა ან შესასვლელების ბლოკირება, ამ შემთხვევაში კანონი გასცემს მათ პასუხს“, – განცხადა სოზარ სუბარმა.