სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იშლის ხელწერას, 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმით შეიჭრნენ „იმედში“, დღეს კი - საზოგადოებრივ მაუწყებელში, უბრალოდ ახლა მათ არ ჰყავთ სპეცრაზმი
„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იშლის ხელწერას, 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმით შეიჭრნენ „იმედში“, დღეს კი – საზოგადოებრივ მაუწყებელში, უბრალოდ ახლა მათ არ ჰყავთ სპეცრაზმი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, დღეს რომ ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, გაცილებით უარესად მოიქცეოდნენ.
სოზარ სუბარის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავს გამოცდილი პროფესიონალების გუნდი, რომელიც თავად გადაწყვეტს, როგორ სარედაქციო პოლიტიკას გაატარებს.
„„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იშლის ხელწერას. როგორც 2007 წლის 7 ნოემბერს შეიჭრნენ „იმედში“ და დაარბიეს სტუდია, სცემეს ჟურნალისტებს, დაახლოებით იგივე ვნახეთ, როცა ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეიჭრნენ. კიდევ კარგი, ისინი დღეს აღარ არიან ხელისუფლებაში და არ ჰყავთ სპეცრაზმი, თორემ ხელწერა იგივეა და გაცილებით უარესად მოიქცეოდნენ. შეიჭრნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, შეურაცხყოფას აყენებდნენ თანამშრომლებს, ცილს სწამებდნენ არხის ხელმძღვანელებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს. ამის შემდეგ დასხდნენ ეთერში და აღმოჩნდა, რომ სათქმელი არაფერი აქვთ და მათი უმრავლესობა ითხოვდა სამუშაოს. ეს ადამიანები, ძირითადად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები იყვნენ, რომლებიც მრავალი წელია, მუშაობდნენ ტელევიზიაში, რომელსაც დავით კეზერაშვილი აფინანსებდა ქართული ჯარისგან მოპარული ფულით, მაგრამ მათ ამის არ რცხვენიათ. ახლა, როცა აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია იხურება, რადგან ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი აღარ აპირებს ამ ყოვლად ურეიტინგო და უპერსპექტივო არხის დაფინანსებას, გადაწყვიტეს, პირველ არხზე გადაბარგდნენ და იქ იშოვონ სამსახური, თბილი ადგილები. მაგრამ ეს ასე ვერ მოხდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ გახდება ხელმოცარული და უნიჭო ადამიანების თავშესაფარი, ტელეკომპანიას აქვს სარედაქციო პოლიტიკა, ჰყავს გამოცდილი პროფესიონალების გუნდი და ისინი თავად გადაწყვეტენ, ვისთან ითანამშრომლებენ და როგორ სარედაქციო პოლიტიკას გაატარებენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.