სოზარ სუბარი - მთელმა მსოფლიომ მისცა გაფრთხილება რუსეთს, რომ აღარ ჩაიდინოს კიბერშეტევა
სოზარ სუბარი - მთელმა მსოფლიომ მისცა გაფრთხილება რუსეთს, რომ აღარ ჩაიდინოს კიბერშეტევა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით, მთელმა მსოფლიომ მისცა რუსეთს გაფრთხილება, რომ აღარ ჩაიდინოს მსგავსი ქმედებები.

სუბარის თქმით, ზოგადად, რუსეთი კიბერთავდასხმებს ახორციელებს არა მხოლოდ საქართველოზე და არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერევა ყველაზე დიდი დემოკრატიების საარჩევნო სისტემებში, ახორციელებს თავდასხმებს მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე.

„რატომ აკეთებს ამას, ხშირ შემთხვევაში ამაში ლოგიკა არ დევს, ისევე როგორც, ლოგიკა არ დევს რუსეთის ძალიან ბევრ ქმედებაში. ძალიან დიდი ხანი მიდიოდა გამოძიება, ამ გამოძიებაში საქართველოს სპეცსამსახურებთან ერთად ჩართული იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების უძლიერესი სპეცსამსახურები და დანამდვილებით არის დადგენილი, რომ ამის გამკეთებლები იყვნენ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურები.

კიდევ ერთხელ, მთელმა მსოფლიომ მისცა გაფრთხილება რუსეთს, რომ აღარ ჩაიდინოს მსგავსი ქმედებები. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი იმავეს არ ჩაიდენენ; ეს არ ნიშნავს, რომ არ ეცდებიან, ჩაერიონ არჩევნებში, იგივე ბრიტანეთში თუ აშშ-ში, მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში. მაგრამ, მსოფლიო სულ უფრო და უფრო მეტად კონსოლიდირებული ხდება რუსეთის მსგავსი ქმედებებისა და აგრესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.