სოზარ სუბარი - 2020 წლის ოქტომბერში იქნება არჩევნები, სადაც გამოჩნდება, ვის აქვს ხალხის მხარდაჭერა
სოზარ სუბარი - 2020 წლის ოქტომბერში იქნება არჩევნები, სადაც გამოჩნდება, ვის აქვს ხალხის მხარდაჭერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, პროპორციული, მაჟორიტარული თუ ნახევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ყველა არის აპრობირებული მსოფლიოს სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყანაში.

აქედან გამომდინარე, სუბარის აზრით, არასწორია საუბარი, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის არ მიღებით, დემოკრატიას საფრთხე მიადგა.

თუმცა, სუბარის თქმით, რადგან ხელისუფლება საზოგადოებას პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაპირდა, ცუდია, რომ ეს დაპირება არ შესრულდა.

„პროპორციული სისტემა, მაჟორიტარული, ნახევრად მაჟორიტარული, თუ ნახევრად პროპოცრიული სისტემა, ყველა არის კანონიერი, ყველა არის კონსტიტუციური. ყველა არის აპრობირებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ყველაზე დემოკრატიული ქვეყნები სწორედ ამ სისტემით არიან. ასე რომ, აქ არაა ლაპარაკი იმაზე, რომ დემოკრატიას შევეხეთ, საარჩევნო სისტემას შევეხეთ. უბრალოდ, რადგან დავპირდით, ძალიან ცუდია, რომ ეს დაპირება არ შესრულდა“ ,- განაცხადა სოზარ სუბარმა და აქვე დასძინა, რომ პარლამენტის წევრებმა იმოქმედეს ისე, როგორც მათ მიაჩნდათ სწორად.

„პარლამენტის წევრებმა იმოქმედეს თავისი სინდისის შესაბამისად და თქვეს, რომ ისინი ხმას აძლევენ იმას, რაც მათი აზრით არის სწორი. ამის გამო ვიღაცამ დაიწყოს რევოლუციაზე ლაპარაკი, ეს არის გაუგონარი. თუ პირადად ჩემი აზრიც გაინტერესებთ, მაშინაც კი, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ დიახ, ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, საჯაროდ ვამბობდი, რომ მიმაჩნია, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იქნება შეცდომა, რადგან ეს უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას. ჩვენ მოვდივართ ჩვენი მხარეებით, ჩვენი კუთხეები იმსახურებს იმას, რომ მათ ყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარი პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „როდესაც რუსთაველზე დაიწყო ქუჩის გაწმენდა, ადგილზე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერები ჩანდნენ“.

„სხვათაშორის, თქვენ ბურჯანაძე და უსუფაშვილი ახსენეთ, მართალია, ჩვენ მთელი დღეები ვუსმენთ სხვადასხვა პოლიტიკურ სპექტრს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, როდესაც რუსთაველზე დაიწყო ქუჩის გაწმენდა ამ უკანონო ქმედებებისგან, მე ვხედავდი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ლიდერებს. სხვათაშორის, სწორედ ისინი ესხმოდნენ თავს პოლიციელებს და აკეთებდნენ უკანონო ქმედებეს. რაც შეეხება დიალოგს, დიალოგისთვის არსებობს პარლამენტი, პოლიტიკური დიალოგისთვის არსებობს სხვადასხვა სფერო, მაგრამ არა ულტიმატუმი და არა პარლამენტის კარებზე ბოქლომების დადება. ბოქლომების დადება არ არის დიალოგი. დიალოგისთვის ისევ და ისევ მზად ვარ, ოღონდ ამ დიალოგის ფარგლები რა იქნება, ამაზე დილით ჩვენმა გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა. არჩევნებისკენ მივდივართ ყველანი ერთად, 2020 -ის შემდოდგომაზე, ოქტომბერში იქნება არჩევნები, სადაც გამოჩნდება, ვის აქვს ხალხის მხარდაჭერა“ ,- განაცხადა სოზარ სუბარმა.