სოზარ სუბარი - მთავარია, რას შევთავაზებთ ადამიანებს, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო ხე-ტყეზე მუშაობაა
სოზარ სუბარი - მთავარია, რას შევთავაზებთ ადამიანებს, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო ხე-ტყეზე მუშაობაა

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ხაიშში ხის საამქროების მფლობელებს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმებით, კვირას ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა მოამზადებს თავის შეხედულებებს, რომელსაც   წერილობით გადასცემენ მთავრობის წევრებს, რომლებიც ერთ კვირაში ხაიშში ჩავლენ.

სოზარ სუბარის თქმით, მთავარი საკითხია, თუ რას შესთავაზებენ ადამიანებს, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო ხე-ტყეზე მუშაობაა.

„შეხვედრა არ იყო ადვილი, რადგან გამოსავლის მოძებნა საკმაოდ რთულია. საჭიროა გრძელვადიანი ხედვა,  მუშაობა სტრატეგიაზე, ხე-ტყის დამუშავების ალტერნატივებზე. რამდენიმე ოჯახს სხვა შემოსავალი არა აქვს. უნდა ვიფიქროთ ეკოლოგიის შენარჩუნებაზეც და რა თქმა უნდა, ალტერნატიულ დასაქმებაზეც. ეს იქნება მთავარი თემა, როცა აქ მთავრობის წევრები ჩამოვლენ“,-განაცხადა მან.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის თქმით კი, ხაიში და ჭუბერი ისევეა გადასარჩენი, როგორც ტყიბული.

შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

გუშინ ხაიშსა და ჭუბერში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების შესვლას დაპირისპირება მოყვა, სოფლებში იმყოფებოდა სპეცრაზმიც. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, სოფლებში შესვლა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებს უკავშირდებოდა, სპეცრაზმის გამოძახება კი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გახდა  საჭირო.