სოზარ სუბარი - მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ხშირად ცვლიან პოლიტიკას და გეგმებს, ჩვენ ჯერ კიდევ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც დასაწყისში შევიმუშავეთ
სოზარ სუბარი - მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ხშირად ცვლიან პოლიტიკას და გეგმებს, ჩვენ ჯერ კიდევ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც დასაწყისში შევიმუშავეთ

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოში დაწესებული შეზღუდვები შეიძლება გახანგრძლივდეს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ეკონომიკის გაჩერება გაცილებით დიდი ხნით რომ არ მოუწიოს, აუცილებელია, დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

„გადაწყვეტილებების ნაწილი მიიღება გრძელვადიანად და დაგეგმილად, რაღაც ნაწილი კი, სპონტანურად, ვითარებიდან გამომდინარე. მაგალითად, ლენტეხის გადაკეტვა, მარნეული-ბოლნისის ჩაკეტვა – ეს გადაწყვეტილებები მიღებული იყო სპონტანურად, მაშინ როდესაც გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება დაახლოებით ორკვირიანი ინტერვალით ხდება. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ დღეს პიკი არ არის და საავადმყოფოები არ არის გადატვირთული. 

რა იგეგმება ხვალ და ზეგ, ამის წინასწარ თქმის უფლება მე არ მაქვს, ამაზე ისაუბრებენ კონკრეტული უწყებები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე ისაუბრა იმ სცენარებზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში.

„სამი სხვადასხვა სცენარი გვაქვს, თუმცა ჯერ ისევ მივყვებით პირველ, შედარებით მსუბუქ სცენარს. ჯერ კიდევ ორი თვის წინ გვქონდა დამუშავებული ეკონომიკის განვითარების სამი გეგმა. ყველა ეს სცენარი არის დამუშავებული. ამის დამუშავება არის აუცილებელი, რადგან ჯერ მსოფლიოში არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ვხედავთ, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ხშირად ცვლიან პოლიტიკასა და გეგმებს. ჩვენ ჯერ კიდევ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც დასაწყისში შევიმუშავეთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.