სოზარ სუბარი - მოვუწოდებ პიტერ სტანოს, საქართველოს ნუ უყურებენ, როგორც კოლონიას, საქართველოში მყოფი უცხოელი ელჩები ნუ იქცევიან, როგორც გენერალ-გუბერნატორები, შეეშვან „ვეტინგზე“ ლაპარაკს
სოზარ სუბარი - მოვუწოდებ პიტერ სტანოს, საქართველოს ნუ უყურებენ, როგორც კოლონიას, საქართველოში მყოფი უცხოელი ელჩები ნუ იქცევიან, როგორც გენერალ-გუბერნატორები, შეეშვან „ვეტინგზე“ ლაპარაკს

მოვუწოდებდი პიტერ სტანოს, ზოგადად, შეეშვან და საქართველოს ნუ უყურებენ, როგორც კოლონიას, საქართველოში მყოფი უცხოელი ელჩები ნუ იქცევიან, როგორც გენერალ-გუბერნატორები, რომლებიც კოლონიებში არიან მმართველებად დანიშნული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში არიან წამყვან თანამდებობაზე, შემოწმებაში ჩართული უნდა იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები.

სუბარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ თქვა, რომ „ვეტინგი“ საქართველოში არ განხორციელდება.

„საქართველოში არ იქნება არცერთი ისეთ სისტემა დანერგილი, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში არ არის. შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ შეეშვან „ვეტინგზე“ ლაპარაკს. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ეს არ იქნება დამაბრკოლებელი წინაღობა, რადგან ჩვენ ვერ და არ გავატარებთ არცერთ ისეთ რეფორმას, რომელიც არ არის ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში. საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ თქვა, რომ „ვეტინგი“ საქართველოში არ განხორციელდება და ამ პრინციპს ბოლომდე დავიცავთ. ეს იდეა რადგან შემოგდებულია ქართველი „ენჯეოების“ მიერ, თუნდაც დაკვეთა იყო ქვეყნის გარედან, ვერ დაუპირისპირდნენ ასე მკაფიოდ საქართველოს ხელისუფლების ძალიან მკაცრ, ერთსახოვან უარს და ითქვა იგივე, სიტყვა „ვეტინგის“ გარეშე. როგორც არ უნდა შეფუთონ, ლაპარაკია „ვეტინგზე“ და „ვეტინგი“ არ მოხდება. არანაირი კეთილსინდისიერების გადამოწმება არ მოხდება“, – განაცხადა სუბარმა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, ვერცერთი ელჩი, ვერცერთი გარედან მოწვეული ექსპერტი ვერ იქნება იმაზე უკეთესი შემფასებელი საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირების, როგორც ეს არის ქართველი ხალხი.

„სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა არის დაუშვებელი. „ვეტინგი“ არ მოხდება, რადგან როგორც საქართველოში მოსამართლეების დანიშვნა ხდება ასეთი გამჭვირვალე წესით, არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველო არის მართლა გამონაკლისი და ჩემპიონი. დღეს საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა, ყველა გამოკითხვით, არის ძალიან მაღალი. გამოკითხვების გარდა, ამას ადასტურებს ობიექტური მონაცემები. გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, მკვეთრად კლება სტრასბურგში წასული საჩივრების და ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა გამართულად მუშაობს. ვერცერთი ელჩი, ვერცერთი გარედან მოწვეული ექსპერტი ვერ იქნება იმაზე უკეთესი შემფასებელი საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირების, როგორც ეს არის ქართველი ხალხი, ის ადამიანები, ვისაც სასამართლოსთან უხდებათ ყოველდღიური შეხება, და ამ მხრივ ნდობა ძალიან მაღალია, უფრო მაღალი, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში და ორჯერ უფრო მაღალი, ვიდრე აშშ-ში. კვირა არ გავიდოდა, ერთი მასალა მაინც არ ყოფილიყო მედიაში, სადაც კორუფციაზე ან არაბიექტურ გადაწყვეტილებაზე იყო ლაპარაკი. დღეს ასეთი მასალა არ ქვეყნდება წელიწადში ერთიც კი. ესეც იმას ნიშნავს, რომ არაფერი ხელმოსაჭიდი არ არის. ამდენი ჩასაფრებული საერთაშრისო ორგანიზაცია და ჟურნალისტი ნამდვილად აღმოაჩენდნენ ამ მასალებს. „ვეტინგის“ სულ რამდენიმე მაგალითი არსებობს, ეს არის უკრაინის, კოსოვოს, ალბანეთის და ყველა შემთხვევაში შედეგი არის ძალიან ცუდი, შეფასება არის უაღრესად უარყოფითი. ის, რამაც ვერ გაამართლა სხვა ქვეყნებში, ბუნებრივია, არ უნდა ვცადოთ და დავნერგოთ საქართველოში“, – განაცხადა სუბარმა.