სოზარ სუბარი - მოსმენა სააკაშვილის ხელწერა იყო, კარგი იქნება, თუ ჩამოვა და ამ საკითხებზე ჩვენებას მისცემს
სოზარ სუბარი - მოსმენა სააკაშვილის ხელწერა იყო, კარგი იქნება, თუ ჩამოვა და ამ საკითხებზე ჩვენებას მისცემს

მიხეილ სააკაშვილმა ცხრა თუ ათი წლის წინ აღიარა და პირდაპირ თქვა, რომ უკანონო მოსმენებს სისტემური ხასიათი თუ ჰქონდა, თითქოს არაფერი იცოდა და ეს იყო გაპარული ხარვეზი, „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, უსმენდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისი მოსმენის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.

„კარგად ვიცით, რომ სპეციალური მოსასმენი აპარატები ჰქონდა არა მხოლოდ მაშინდელ კუდს, რომელსაც კანონის ფარგლებში მოსმენის უფლება ჰქონდა, არამედ თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ფინანსურ პოლიციას, სოდს. ალბათ, არაერთი სხვა უწყება ისმენდა კიდევ. უსმენდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც კი და იმ ადამიანებსაც უსმენდნენ, ვისი მოსმენის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. მიხვდებით, რომ ეს სააკაშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა. როცა ციურიხში ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესთან სასაუბროდ ჩავედი, კუდ-ის თანამშრომლები გამომაყოლეს და როცა სასტუმროს ფოეიში ვსაუბრობდით გარკვეულ თემებზე, თურმე, ამას უკანონოდ იწერდნენ. ეს მე არ შემიმჩნევია, შვეიცარიის უსაფრთხოების სამსახურებმა შეამჩნიეს, ეს ადამიანები დააკავეს და საქართველოში მათი დეპორტაცია მოხდა. ეს იყო სააკაშვილის ხელწერა, სტილი და მის გარეშე ვერაფერი მოხდებოდა. სააკაშვილს პირდაპირი აღიარება აქვს, როგორ უსმენდა კობა დავითაშვილს. მან აღიარა, რომ უსმენდნენ ქართველ ოპოზიციონერ ლიდერებს – შალვა ნათელაშვილს, გოგა ხაინდრავას, ლევან ბერძენიშვილს, გამოვაქვეყნეთ მათი ჩანაწერები, დანაშაულის ნიშნები არ არის, მაგრამ ეს გავაკეთეთ ამ ადამიანების დისკრედიტაციისთვისო. ეს არის დანაშაული, რომელიც აღიარებული აქვს მიხეილ სააკაშვილს. კარგი იქნება, თუ ჩამოვა და ამ საკითხებზე მისცემს ჩვენებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გარეთ არ გამოსულა.

მისივე თქმით, ყველანაირი ჩანაწერის წინააღმდეგია.