სოზარ სუბარი - მოხსენებას რომ ვაკეთებდი სააკაშვილის დროს, პარლამენტი ერთადერთი პუნქტით შემოიფარგლებოდა, რომ ცნობად მიიღო, სახალხო დამცველს დღეს რომ კარგი სამუშაო პირობები აქვს, ასეთი ქვეყანაში არასოდეს ყოფილა
სოზარ სუბარი - მოხსენებას რომ ვაკეთებდი სააკაშვილის დროს, პარლამენტი ერთადერთი პუნქტით შემოიფარგლებოდა, რომ ცნობად მიიღო, სახალხო დამცველს დღეს რომ კარგი სამუშაო პირობები აქვს, ასეთი ქვეყანაში არასოდეს ყოფილა

სამწუხაროდ, ნინო ლომჯარია აბსოლუტურად პოლიტიზებულ განცხადებებს აკეთებს და თან ისეთ თემებს ეხება, სადაც არანაირი მანდატი არ აქვს, ეს საკითხები დგას მისი მანდატის მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი მხოლოდ ერთ ადამიანთან დადის, ზრუნავს, რომ პირადი ჰიგიენის საშუალებები არ აქვს და ამ დროს არ კითხულობს, სხვა პატიმრები რა პირობებში არიან.

„როცა ნინო ლომჯარია ყოფილი პრეზიდენტის სანახავად მიდის, ეს მისი მანდატია და ამას მხოლოდ მოვუწონებ, მაგრამ როცა ვიგებ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ციხეში სულ ექვსჯერ არის ნამყოფი და ერთსა და იმავე ადამიანებთან, რომლებიც არიან პოლიტიზებული თემები, ამ შემთხვევაში, უკვე ეჭვი მეპარება მის განზრახვებში, რომ ის ნამდვილად ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული და არა პოლიტიზებული. არ მიკვირს, როცა რომელიმე დაწესებულებაში შედის და მას პატიმრები სტვენით ხვდებოდნენ. როცა სახალხო დამცველი ციხეში შედის, ზეიმი უნდა იყოს, რომ მათთან ადამიანი მივიდა, ვისაც ყველა ტკივილი, პრობლემა და ხვაშიადი უნდა გაუმხილონ, რომელმაც მათი პრობლემები უნდა განიხილოს. როცა მას იქ აგრესია ხვდება, ამ აგრესიას ვერავინ დააორგანიზებს, სამწუხაროდ, ამას აქვს თავისი მიზეზები. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ ადამიანთან დადის და ზრუნავს, რომ მას პირადი ჰიგიენის საშუალებები არ აქვს და ამ დროს არ კითხულობს, სხვა პატიმრები რა პირობებში არიან, ცხადია, რომ მის მიმართ ნდობა დაბალი იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, როდესაც სახალხო დამცველი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, რომ რომელიმე პოლიტიკოსის ავტორიტეტი არის ნული, მას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია.

„როცა ნინო ლომჯარია განცხადებას აკეთებდა, რომ ციხეებში არის არაფორმალური მმართველობა და ამის ვერც ერთი მაგალითი ვერ დაასახელა, ეს არის პრობლემა სახალხო დამცველისთვის და არა იუსტიციის სამინისტროსთვის. სახალხო დამცველს მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს, მსგავსი საქართველოში არ ყოფილა, არც ბევრ ქვეყანაში არ არის. ის აკეთებს აბსოლუტურად ყველა განცხადებას, ჩემს დროს 60 ადამიანი მუშაობდა, ახლა აპარატში 250 ადამიანი მუშაობს. ყველა კარი გახსნილია, როცა უნდა, სადაც უნდა, შეუძლია, შეამოწმოს. პარლამენტში მისი ყველა მოსმენა არის დეტალური შესწავლის საგანი. ყოველ მოხსენებას განხილვა მოჰყვება და შემდეგი რეაგირება. მისი რეკომენდაციების თითქმის 80 პროცენტი არის გაზიარებული მაშინ, როცა მე რომ მოხსენებას ვაკეთებდი სააკაშვილის დროს, პარლამენტი ერთადერთი პუნქტით შემოიფარგლებოდა – სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტმა მოისმინა და ცნობად მიიღო. ჩემი არც ერთი რეკომენდაციის გაზიარება არ ხდებოდა. სახალხო დამცველს დღეს რომ კარგი სამუშაო პირობები აქვს შექმნილი, ასეთი ამ ქვეყანაში არასოდეს არ ყოფილა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.