სოზარ სუბარი - მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში, რამდენი მოითხოვს ბელადის გათავისუფლებას, ჩვენ კანონით ვმოქმედებთ და ყველა დამნაშავე სასჯელს მოიხდის ბოლო დღემდე
სოზარ სუბარი - მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში, რამდენი მოითხოვს ბელადის გათავისუფლებას, ჩვენ კანონით ვმოქმედებთ და ყველა დამნაშავე სასჯელს მოიხდის ბოლო დღემდე

ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით, კანონით ვმოქმედებთ და ყველა დამნაშავე სასჯელს მოიხდის ბოლო დღემდე, დაემორჩილება იმ კანონებს, რომელიც ციხეში არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ორ წელიწადში ერთხელ ახერხებს გააკეთოს თავისი ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზება.

„დემოკრატიულ ქვეყანაში აქცია არის ძალიან ნორმალური. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ორ წელიწადში ერთხელ ახერხებს გააკეთოს თავისი ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზება, თუმცა მათი ლიდერი, როგორც ისინი მას ბელადს უწოდებენ, ძალიან იმედგაცრუებული უნდა იყოს – ეგონა, რომ დახვდებოდა 100 და 300 ათასი ადამიანი ქუჩაში და მოითხოვდა მის გამოშვებას. ნახა, რომ ძალიან ბევრად არის შემცირებული იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მას მხარს უჭერს. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში ან რამდენი ადამიანი მოითხოვს ქვეყნის გარედან ამ ბელადის გათავისუფლებას. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით, კანონით ვმოქმედებთ და ყველა დამნაშავე სასჯელს მოიხდის ბოლო დღემდე, დაემორჩილება იმ კანონებს, რომელიც ციხეში არსებობს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ცხრა წლის განმავლობაში, ვინც ქვეყანას უკან მიაქანებდა, მას საქართველოს მოსახლეობამ უარი უთხრა და ცხრა წელია, უშედეგოდ ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას. ამ დროის განმავლობაში, რვა არჩევნები ზედიზედ წააგეს.

„ყოველგვარი მათი მცდელობა, რომ ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუცია, ასევე მარცხით და კრახით მთავრდება. ისეთივე კრახით დამთავრდება ეს მცდელობები, რომ ახლა ქვეყანაში არეულობა მოახდინონ, ისევე, როგორც კრახით დამთავრდება მათი მცდელობა, თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტში მაინც მიაღწიონ წარმატებას მეორე ტურში“, – განაცხადა სუბარმა.