სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთადერთი რჩევა მექნება ქართული ოპოზიციის მიმართ, მოერიდონ, როგორც კეთროვანს​
სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთადერთი რჩევა მექნება ქართული ოპოზიციის მიმართ, მოერიდონ, როგორც კეთროვანს​

მსოფლიოში ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა სხვა არავინ დარჩა, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა საპარლამენტო მანდატები აიღონ და პარლამენტში შევიდნენ. არ მესმის, ასეთ დროს გაჯიუტება რაში ჯდება და რა პოლიტიკაა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პარტნიორი და სადამკვირვებლო მისია აღიარებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა.

„ქართული ოცნების” პოლიტიკა არის მყარი და უცვლელი. მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, თუ გაყალბდა. დღეს არჩევნების გაყალბებაზე აღარ ლაპარაკობენ, რადგან ცხადია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ამას აღიარებს ყველა ჩვენი პარტნიორი, სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამან დაკარგა აზრი და რის საფუძველზე არ შემოდიან პარლამენტში? რაც შეეხება პატიმრებს, ერთი ადამიანია ნიკა მელია, რომლის გათავისუფლება არის ერთი წუთის საქმე და გასაღებია მის პირად ხელში. გადაიხდის გირაოს, გამოვა გარეთ და ეს მთელმა მსოფლიომ იცის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რადგან „არიან არაფორმალური მმართველები და გადაწყვეტილებების მიმღებლები“.

სოზარ სუბარის თქმით, კუბილიუსს ვერ დაეთანხმება სიტყვა „არაფორმალურ მმართველზე“, როცა საუბარია ბიძინა ივანიშვილზე.

„კუბილიუსს ვერ დავეთანხმები, სიტყვა არაფორმალურ მმართველზე, როცა საუბარია ბიძინა ივანიშვილზე. ის იყო პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკიდან მართლა გავიდა მიუხედავად იმისა, ვის სჯერა და ვის – არა, ვის მოსწონს და ვის – არა. ჩემდა გასაოცრად ყველაზე დიდი ფულსტრაცია ვისშიც მოახდინა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლა, ეს იყო ქართული ოპოზიცია, რადგან უსაგნოდ დარჩნენ ჰაერში, აღარ იციან, რა გააკეთონ. მიხეილ სააკაშვილი ვერაფერში ვერ ჩაერთვება, არ არის საქართველოს მოქალაქე, არის მისჯილი არაერთ საქმეზე. უკრაინაში მის წინააღმდეგ ძიება როგორ წავა, არ ვიცი. მასთან დაკავშირებით ერთადერთი მოწოდება და რჩევა მექნება ქართული ოპოზიციის მიმართ, რომ მოერიდონ, როგორც კეთროვანს და მისი ზეგავლენის ქვეშ ნუ იქნებიან. ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებების პროცესი წინ მშვიდად, კონსტრუქციულად წავა და შედეგი იქნება პარლამენტში ოპოზიციის შემოსვლა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.