სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის და ამას ყველა დაინახავს
სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის და ამას ყველა დაინახავს

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის და ამას ყველა დაინახავს.

სუბარის თქმით, დანაშაულები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი, მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დამნაშავედ წარმოაჩენს.

„საქართველოს ციხეებში ძალიან ცოტა ადამიანი იხდის სასჯელს, რომელთაც უფრო მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეთ ჩადენილი. ნებისმიერ ქვეყანაში უმცირესი დარღვევაც კი ხდება იმის საფუძველი, რომ დაიწყოს სისხლის სამართლის დევნა ყოფილი პრეზიდენტების, ყოფილი პრემიერებისა და ხშირად მოქმედი პრეზიდენტებისა და პრემიერების მიმართ. ამ მიმართულებით შეგვიძლია, ისრაელის, ავსტრიის, საფრანგეთისა და გერმანიის მაგალითები ვნახოთ. ჩვენი მასშტაბით მცირე დარღვევებზეც კი, სისხლის სამართლის დევნა იწყება. წარმოიდგინეთ, რომ რომელიღაც ქვეყნის პრემიერს ან პრეზიდენტს შეკვეთილი ჰქონდა რომელიღაც დეპუტატის სიკვდილამდე ცემა, მისთვის ქონების წართმევა. ასევე, მას ფული დაეხარჯა საკუთარი შვილის სწავლაზე, თავისი თანაგუნდელების გამაჯანსაღებელ პროცედურებზე, წონის კორექციაზე, ასევე, სახელმწიფო თვითმფრინავი გაეგზავნა გერმანიაში, რათა მისთვის მასაჟისტი ჩამოეყვანათ. ამ საკითხებიდან თუნდაც ერთი რომ ყოფილიყო ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრს ან პრეზიდენტს პასუხს აგებინებდნენ უსასტიკესად. საუბარია დაახლოებით 10 მილიონ ლარზე, რაც ასეთ საქმეებშია გაფლანგული“, – განუცხადა სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს.