სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები ორგანიზებული იყო
სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები ორგანიზებული იყო

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები ორგანიზებული იყო.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

ამასთან, სოზარ სუბარის განმარტებით, დმანისში, კონფლიქტში მონაწილე ყველა პირი ერთ აზრზეა, რომ სამწუხარო ინციდენტი მოხდა.

„გუშინ რაც მოხდა, იყო ძალიან სამწუხარო, მაგრამ აბსოლუტურად ყოფით ხასიათზე მომხდარი კონფლიქტი. დღეს დილას და საღამოსკენ ესკალაცია იყო მართლაც იმის გაგრძელება, არ ვიცი, რა მოხდა, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ იყო ორგანიზებული და გაეცემა ამ კითხვებს პასუხი. ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, მათი ოჯახის წევრები, ამას ემიჯნებიან, ამბობენ, რომ ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ. არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება. ესენი აქ შერიგდებიან, მათი ოჯახები ერთად იცხოვრებენ მშვიდად მომავალში. ყოფით ნიადაგზე მომხდარი გაუგებრობაა, რომელსაც შემდგომი გაგრძელება არ უნდა მოჰყვეს. ყველაფერი იქნება ისე, როგორც კანონს და ხალხის ინტერესებს შეესაბამება, და ხალხის ინტერესი რაცაა, დაინახავთ, გამოვლენ მხარეები და მოხდება საბოლოოდ კონფლიქტის ამოწურვა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ ინციდენტი მოხდა, რა დროსაც სცემეს მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც შემდეგ სამედიცინო დახმარება გაეწია. განადგურდა მაღაზიის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მთელი ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. ამასთან, დმანისში დღეს ვითარება დილიდანვე დაიძაბა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ვითარების განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობდნენ.

დატოვე კომენტარი