სოზარ სუბარი - მესტიაში ვირუსი არ არის ძალიან გავრცელებული, უფრო მეტად ერთ სოფელშია თავმოყრილი
სოზარ სუბარი - მესტიაში ვირუსი არ არის ძალიან გავრცელებული, უფრო მეტად ერთ სოფელშია თავმოყრილი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მესტიაში ჯერჯერობით ასეთი სურათია – ვირუსი არ არის ძალიან გავრცელებული, შედარებით ლოკალურად, უფრო მეტად ერთ სოფელშია თავმოყრილი. ამის შესახებ სუბარმა საქართველოს პირველ არხს მესტიის მუნიციპალიტეტში განუცხადა.

სუბარი აცხადებს, რომ მესტიაში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვმა 30-ს მიაღწია.

„გუშინ აიღეს 900-ზე მეტი ტესტი, რომელთა პასუხები დღეს, დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი. თუმცა, გუშინწინდელი ტესტების პასუხები ცნობილია. იყო 12 ახალი შემთხვევა. ჯამში 30-ს მიაღწია მესტიის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობამ. ჯერჯერობით, თითქოს გავრცელების არეალი, სურათი ასეთია, რომ არ არის ძალიან გავრცელებული, შედარებით ლოკალურად ერთ სოფელში არის უფრო მეტად თავმოყრილი. ვნახოთ, დღევანდელი ტესტირება რას აჩვენებს“, – აცხადებს სოზარ სუბარი.

ამასთან, მისივე თქმით, დღეს ტესტირების არეალი ფართოდ გაიშალა.

„ერთი ჯგუფი წასული არის უშგულში და ხეობის დასაწყისში – იდლიანში, ჭუბერში, ხაიშში მუშაობს კიდევ რამდენიმე ჯგუფი და ასე დაიწყება ორივე მხრიდან ამ სოფლების სრულად მოცვა და რამდენიმე დღეში გვეცოდინება სრული სურათი.

პარალელურად, იქაც, სადაც უკვე ტესტირებები ჩატარდა და სადაც ტესტირებები არ ჩატარებულა, პერმანენტული თერმოსკრინინგი იქნება, რომ მუდმივად გავზომოთ სიცხე და თან მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ყველას, ვისაც აქვს სიცხე ან სიმპტომი, მიაკითხოს ექიმებს, დარეკოს ცხელ ხაზზე.

900-ზე მეტი ადამიანი დაბინავდა უკვე, მათ შორის 515 ადამიანი მესტიის საკარანტინო სივრცეებში, ხოლო 400-ზე მეტი ადამიანი გაყვანილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ზოგი ბათუმში, ზოგი თბილისში, ზოგი წყალტუბოში. დღესაც ეს პროცესი გრძელდება“, – აცხადებს სოზარ სუბარი.