სოზარ სუბარი - მესტიაში ამ დროისთვის 300-ზე მეტი ადამიანია გამოკვლეული
სოზარ სუბარი - მესტიაში ამ დროისთვის 300-ზე მეტი ადამიანია გამოკვლეული

თუკი გუშინ მესტიაში 420 ნიმუში იქნა აღებული, დღეს უკვე ამ დროისთვის 300-ზე მეტი ადამიანია გამოკვლეული, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს მესტიაში განუცხადა.

მისივე განცხადებით, აღებული ნიმუშების გადაგზავნა ქუთაისსა და ზუგდიდში ხდება.

„ოთხ დასახლებულ ადგილას, მათ შორის ცენტრში, მოწყობილია ტესტირების პუნქტები. მაქსიმალურად სწრაფად ხდება ტესტების აღება და შემდგომ, ნიმუშების ქუთაისში ან ზუგდიდში ტრანსპორტირება. თუკი გუშინ მესტიაში 420 ნიმუში იქნა აღებული, დღეს უკვე ამ დროისთვის 300-ზე მეტი ადამიანია გამოკვლეული და დღის ბოლომდე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის კორონავირუსზე შემოწმება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში იგეგმება.

„ბუნებრივია, ყველა სოფელში უნდა ჩატარდეს ეს პროცესი, თუმცა, პირველ რიგში, ავიღეთ ის დასახლებული პუნქტები, რომლებიც წინასწარი პროგნოზით, ყველაზე მეტად შეიძლებოდა ყოფილიყო დაზიანებული“, – განაცხადა სუბარმა.

სუბარის ინფორმაციით, მათ, ვისაც მესტიის დატოვება სურთ, ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. გამონაკლისი გავრცელდება მხოლოდ მასზე, ვისაც ჩვილი ბავშვი ჰყავს.

„ყველა ადამიანი, ვინც მესტიას ტოვებს, ყველა წავა კარანტინში. მცირე გამონაკლისი ეხება მათ, ვისაც ჩვილი ბავშვი ჰყავს. ასეთი ადამიანები ჩვეულებრივ კარანტინში ვერ წავლენ, მათ უდგინდებათ თვითიზოლაციის რეჟიმი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. კარანტინი შეიძლება იყოს თვითონ მესტიაში და ორი კვირის შემდეგ გავაცილებთ ან იმ ადგილებში, რაც გამოყოფილია, ეს არის: ბათუმი, ქუთაისი, თბილისი ან წყალტუბო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.