სოზარ სუბარი - მეჩეთებში ლოცვა პრაქტიკულად შეწყვეტილია, ეკლესიების უმრავლესობაში კი დაცული იყო დისტანცია
პრაქტიკულად, მეჩეთებში ლოცვა შეწყვეტილია და მორწმუნეებს მოუწოდებენ, ლოცვები სახლში შეასრულონ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დისტანცირების რეკომენდაცია დაცული იყო და მხოლოდ რამდენიმეში დაფიქსირდა დარღვევა.
„დიდი მარხვაა და ეკლესიებში ძალიან დიდი რაოდენობით მორწმუნე მიდის. წინა კვირას, ძალიან ბევრს საუბრობდნენ, იყო თუ არა ეკლესიებში დაცული უსაფრთხოების ზომები. დილიდან, მთელი საქართველოდან, ყველა გუბერნატორს ვუკავშირდებოდი, საკითხზე, თუ რა ხდებოდა ეკლესიებში. ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაცული იყო დისტანცია, უმრავლეს შემთხვევაში, ადამიანები ეკლესიის გარეთ, ეზოში იდგნენ. ეზოები რადიოფიცირებულია. რამდენიმე ეკლესია იყო, სადაც დისტანცია დარღვეული იყო, მაგრამ ამაზე აქცენტირება არ შეიძლება, რომ კონკრეტულად მხოლოდ ეკლესიაში არღვევენ მორწმუნეები წესებს, ეს ასე არ არის. ლისის ტბასა და კუს ტბაზე გაცილებით მეტი ადამიანი იყო, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად აღებული. სასულიერო პირებთან, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე კათოლიკური თუ მუსლიმური თემის ხელმძღვანელებთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი და მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული პრობლემა. კარგად იციან, რომ წესები, რომელთაც ჯანდაცვის ექსპერტები გვაძლევენ, აუცილებლად უნდა იყოს დაცული. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე კვირაში, ამ თვალსაზრისით, ვითარება სრულად იქნება გამოსწორებული“, – განაცხადა სოზარ ზუბარმა.