სოზარ სუბარი - მარნეულსა და ბოლნისში მიღებულმა ზომებმა ჩვენ გადაგვარჩინა
სოზარ სუბარი - მარნეულსა და ბოლნისში მიღებულმა ზომებმა ჩვენ გადაგვარჩინა

პირდაპირ ვიტყვი, მარნეულსა და ბოლნისში მიღებულმა ზომებმა ჩვენ გადაგვარჩინა, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან სწრაფად რომ არ მიგვეღო ის ზომები, რომელიც მივიღეთ, დღეს გვექნებოდა არა რამდენიმე ათეული, არამედ ასეულობით და დარწმუნებული ვარ, ათასეულობით შემთხვევა, არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში. მოგეხსენებათ, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ადამიანი ერთმანეთთან დადის და ყველა კუთხეს მჭიდრო კავშირი აქვს. მით უმეტეს, ისეთ ეკონომიკურად ძლიერ კუთხეს, როგორიც მარნეული-ბოლნისია. ბუნებრივია, ამ რეგიონს მთელ საქართველოსთან აქვს ყოველდღიური მჭიდრო კავშირი“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, პირველივე დღიდან, როცა მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა, აეწყო ამ რაიონებისთვის პროდუქციის მიწოდების და იქიდან პროდუქციის გამოტანის მენეჯმენტი.

„ეს ძალიან მნშვნელოვანია და ბუნებრივია, ყოველდღიურად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან ეს არის რეგიონი, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია სწორედ ახლა, საქართველოში ყველაზე ადრე შემოდის და იქიდან ახლა იწყება საქართველოს ბაზრების თუ სუპერმარკეტების მომარაგება. არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ წინა წლებში ის აქტიურად გადიოდა მეზობელი ქვეყნების ბაზრებზეც, მაგრამ ეს ბაზარი ახლა ბუნებრივია, დაკეტილია და კონცენტრაცია ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ხდება“, – განაცხადა სუბარმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გაკეთდება მარნეულის მოსახლეობისთვის ხვალ იმაზე მეტი, ვიდრე დღეს იყო, რა სქემით იმუშავებენ სადისტრიბუციო მანქანები და რამდენი დამატებითი მანქანა იქნება გამოყოფილი ამ კონკრეტული რაიონისთვის, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ახლა, როცა მოსავალი იმატებს და ის, რაც გუშინ და გუშინწინ იყო საკმარისი, დღეს და ხვალ საკმარისი უკვე აღარ არის.

„პროდუქციის მოცულობა დღეების მიხედვით იმატებს და ორმაგდება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ აქ მცირეოდენი ხარვეზი იყო. მართლა ერთდღიანი ხარვეზი შეიძლებოდა, ყოფილიყო. ანუ, გატანა დღესაც და გუშინაც იმავე ზომით მიდიოდა, რაც სამი დღის წინ იყო, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო საკმარისი. აი, ამის აღმოფხვრაზეა ლაპარაკი. ბუნებრივია, ეს მოგვარდება და ამ მხრივ ყველაფერი დალაგდება. ჩემი აზრით, ეს ხალხმაც მშვენივრად გაიგო. მანქანები მათ თვალწინ მოვიდა და პროდუქციის ჩაბარებაც მათ თვალწინ დაიწყეს“, – განაცხადა სუბარმა.

შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა რისკების გათვალისწინება და ამ პრობლების თავიდან აცილება, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ რისკები გათვალისწინებული იყო, მაგრამ ასეთ ფორსმაჟორში მუშაობის დროს შეუძლებელია, რაღაც არ გაიპაროს.

„ვერ ვიტყვი, რომ რისკები გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ როცა ასეთ ფორსმაჟორში ვმუშაობთ, შეუძლებელია, სადღაც რაღაც არ გაიპაროს. ჩვენ სრული კონცენტრაცია გვაქვს იმაზე, რომ ეპიდემია დავამარცხოთ და ამავე დროს, ეკონომიკა არ ჩამოგვეშალოს. ეს ორი ამოცანა გვაქვს. საქართველო სამაგალითოა ბევრად უფრო განვითარებული და მდიდარი ქვეყნებისთვის, მაგრამ შეუძლებელია, ასეთ დროს რაღაც არ გამოგვეპაროს. ეს გამოპარვა ის იყო, რომ სამი მანქანით მეტი რომ ყოფილიყო, პრობლემა არ იქნებოდა. შეიძლება, ხვალ და ზეგ უკვე საჭირო გახდეს არა სამი მანქანით მეტი, არამედ ხუთი და ათით მეტი. ბუნებრივია, ესეც გაკეთდება“, – განაცხადა სუბარმა.