სოზარ სუბარი - მარნეულის ჩაკეტვის შემდეგ დაგროვდა პროდუქცია, რამაც უკმაყოფილება წარმოშვა, ამით ისარგებლეს გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, თუმცა ხალხი მათ თავად გასცემს პასუხს
სოზარ სუბარი - მარნეულის ჩაკეტვის შემდეგ დაგროვდა პროდუქცია, რამაც უკმაყოფილება წარმოშვა, ამით ისარგებლეს გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, თუმცა ხალხი მათ თავად გასცემს პასუხს

მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა გახსნილია.

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან.

ამასთან, სუბარის განმარტებით, მკაცრი კარანტინის გამოცხადების დღიდან, მოსახლეობას არ ჰქონია არანაირი პრობლემა სოფლის მეურნეობის სამუშაოებთან დაკავშირებით და პირიქით, ამ კუთხით მაქსიმალური ხელშეწყობაც იყო.

„გზა გახსნილია, თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ თავისუფლად დადიან მანქანები. ზოგადად, უნდა ვთქვათ, რომ მკაცრი კარანტინის გამოცხადების პირველივე დღიდან მოყოლებული, მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას, ისევე როგორც მთელი საქართველოს მოსახლეობას არ ჰქონდათ მიწაზე მუშაობის, სოფლის მეურნეობის სამუშაოებთან დაკავშირებით პრობლემა, პირიქით, მაქსიმალური ხელშეწყობა იყო, რომ ყველას ემუშავა გახსნილად.

ამავდროულად, მოეწყო ლოჯისტიკა, როგორ უნდა შემოსულიყო საქონელი, რომელიც აქ არის საჭირო და როგორ გასულიყო სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომლისგანაც აქედან მარაგდება დანარჩენი საქართველო და არამარტო საქართველო, მეზობლებთანაც გადიოდა, რაც ბუნებრივია, ახლა არის ჩაკეტილი“ ,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის განმარტებით, შექმნილი ვითარებით გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ისარგებლეს.

რაც შეეხება ფასებზე უკმაყოფილებას, სუბარის თქმით, არსებულმა ვითარებამ, მსოფლიოში მიმდინარე კრიზისმა ფასები ყველგან შეცვალა.

„რაც ამ საზღვრების ჩაკეტვა მოხდა, დაგროვდა პროდუქცია და ამან გარკვეული უკმაყოფილება წარმოშვა. ამით ისარგებლეს გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ნათლად ჩანდნენ აქ და რომლებიც ლაპარაკობდნენ არა მენეჯმენტზე, რადგან მენეჯმენტზე ბევრი არც არაფერი იყო სალაპარაკო, არამედ არჩევნებზე და პოლიტიკურ თემებზე, თუმცა ხალხი მათ თვითონ გასცემს პასუხს.

ძირითადი სპეკულაცია იყო ფასზე, რადგან ხალხი ამბობდა, რომ შარშან, შარშანწინ 3 ლარად, 4 ლარად იყიდებოდა ბაზარში, ვთქვათ თბილისში, ქუთაისში, ახლა აქ ჩამოსული კომპანია ყიდულობს ლარად. უნდა გვესმოდეს, რომ საზღვრების ჩაკეტვამ, მსოფლიოში მიმდინარე კრიზისმა ფასი ყველგან შეცვალა. მკაფიოდ ავუხსენი, რომ ის ფასი, რაც ორი წლის წინ, თუ ერთი წლის წინ იყო, დღეს ვერ იქნება.

ხვალ, ზეგ, როდესაც კარანტინი მოიხსნება და აღარ იქნება ეპიდემია, მაშინ ყველაფერი ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დალაგდება და ეს ყველამ, მემგონი, მათაც ძალიან კარგად გაიგეს“ , – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის განმარტებით, ყველა სოფელში, ყველა ოჯახთან მივა დისტრიბუციის მანქანა, რომელიც პროდუქციით დაიტვირთება და მას თბილისში, ქუთაისში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ჩაიტანს.

„დაგვთანხმდნენ, გზა გაიხსნა და დღეს მიღწეული შეთანხმება რაზეა – ყველა სოფელში, ყველა ოჯახთან მივა დისტრიბუციის მანქანა, რომელიც დაიტვირთება და აქაური პროდუქციით წავა თბილისში, ქუთაისში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. მეორე – ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც კომპანია ყიდულობს რაღაცას ლარად, ფასნამატი არის დაახლოებით 5-7 თეთრი, არც ერთი თეთრით მეტი. ანუ, პრაქტიკულად ეს ფასნამატი ვერ ფარავს აქედან გატანის ფასსაც კი, რადგან დღეს არის ასეთი ვითარება და ასეთ ვითარებაში გვიწევს  ყველას მუშაობა“ , – განაცხადა სოზარ სუბარმა.