სოზარ სუბარი - მამუკა ხაზარაძეს უნდა, მთავარი თემიდან რაც შეიძლება შორს წაგვიყვანოს და შემდეგ აქეთ გვამუნათოს
მამუკა ხაზარაძეს უნდა, მთავარი თემიდან რაც შეიძლება შორს წაგვიყვანოს და შემდეგ აქეთ გვამუნათოს, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „ტვ პირველის“ გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში თავად მამუკა ხაზარაძეც ამბობს, რომ გადაფარვის მცდელობა მიდის.
„თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით მუდმივად მიდის გადაფარვის მცდელობები, რომ არავინ ილაპარაკოს საქმეზე და ვილაპარაკოთ რაღაც შემოგდებულ თემებზე. თავად აგდებს რაღაც თემებს, რომლითაც უნდა, რაც შეიძლება შორს წაგვიყვანოს მთავარი თემიდან და შემდეგ აქეთ გვამუნათებს. ბოლო დღეების განმავლობაში „ტვ პირველის“ ეთერში მთავარი თემა სწორედ წერილი იყო, შემდეგ რატომღაც აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო მისთვის მომგებიანი თემა. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა განათლების სისტემის ახლებური ხედვა, რომელსაც კანონის ძალა ექნება. იმავე დღეს, თქვენთან მოსულ არც ერთ სტუმარს ჩვენი გუნდიდან არ მიეცით საშუალება, ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ. ალაპარაკებდით მხოლოდ ამ წერილზე და ახლა მეუბნებით, რომ უმრავლესობის წევრები მხოლოდ წერილზე ლაპარაკობდნენ და არ ლაპარაკობდნენ საქმეზე“, – განაცხადა სუბარმა.
სოზარ სუბარი უმცირესობის დეპუტატ რომან გოცირიძესაც პასუხობს და აცხადებს, რომ ერთი მხრივ, არალოგიკურია, გინდოდეს საგამოძიებო კომისიის შექმნა და მეორეს მხრივ, ამბობდე, რომ კითხვები არ დაისვას.
„თუ საგამოძიებო კომისია იქნება, ე.ი კითხვებიც უნდა დაისვას, რომლებიც ხშირად იქნება ძალიან მძაფრი. არის ეჭვები, მათ შორის კითხვები, რომელსაც ეთანხმებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ეს არის ის, რის გამოც მათ ეროვნულმა ბანკმა ჯარიმა დააკისრა და ისინი ძირითადად კვალიფიკაციებში დავობენ. ამბობენ, ჩვენ კანონი დავარღვიეთ, არასწორად მოვიქეცით, მაგრამ ეს არ არის ფულის გათეთრება. გათეთრება-არ გათეთრება ეს არ არის ეროვნული ბანკის თემა, ეს არის საგამოძიებო ორგანოს თემა და ისინი დაადგენენ, იყო თუ არა გათეთრება. აქ რომ რამე პოლიტიკური და შურისძიების შემადგენელი ყოფილიყო, ყველაფერი მოხდებოდა ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს. როცა ერთ დღეში ხდებოდა საქმის აღძვრა თუ გამოძიების დაწყება. როგორც ჰქვია დღეს ამ პროცესს, ბრალის წარდგენაც, ბრალდებულის დაკავებაც და რამდენიმე დღეში სასამართლო განაჩენსაც ააფარებდნენ სახეზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის განცხადებით, ხაზარაძეს ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი.
„დანაშაული დაინახა პროკურატურამ, მაგრამ კონკრეტული ბრალი ჯერ არავის არ აქვს წარდგენილი, რადგან ამას თავისი პროცესი და მტკიცებულებები აქვს. შესაბამისად, ვის წარედგინება ბრალი და რა იქნება ის ბრალი, ამას დრო და მოვლენები აჩვენებს. საქმის ძიების მასალებში ნამდვილად არ ვარ ჩახედული, იმ საჯარო ინფორმაციის გარდა, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს ყველა ჩვენგანს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.