სოზარ სუბარი - მაკფოლის ინტერვიუში მოვისმინეთ, რომ მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში რუსეთს ისე გაუჭირდება, შეიძლება, კაპიტულაციაც კი გამოაცხადოსო, საქართველოზე ასეთი ზეწოლა ამიტომაც ხორციელდება
სოზარ სუბარი - მაკფოლის ინტერვიუში მოვისმინეთ, რომ მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში რუსეთს ისე გაუჭირდება, შეიძლება, კაპიტულაციაც კი გამოაცხადოსო, საქართველოზე ასეთი ზეწოლა ამიტომაც ხორციელდება

მიუხედავად უკრაინის მაღალჩინოსნის განცხადებებისა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტი სიტყვა ექნება უკრაინის პრეზიდენტს, ასე ნამდვილად არ არის, თუმცა შეიძლება, მოიმიზეზონ – ვინაიდან ზელენსკი არის წინააღმდეგი, ამიტომაც არ ვაძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ვერ იქნება რეალური მიზეზი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, რადგან საქართველო ყველა კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„უკრაინის ხელისუფლება ვერანაირად ვერ იქნება რეალური მიზეზი, რადგან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას წყვეტენ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები. გასაგებია, რომ ამ ხელისუფლებებს შორის თუნდაც ერთი ქვეყანა რომ აღმოჩნდეს, რომელიც „ომის პარტიის“ წინაშე ვალდებულია და მათი მოთხოვნები შეასრულოს, ამ შემთხვევაში ამ ერთი ქვეყნის ხელისუფლება წავა წინააღმდეგ და, ბუნებრივია, საქართველოს კონსენსუსის გარეშე ევროკავშირის წევრობას ვერ მიანიჭებენ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ მიზეზი მოძებნონ და ეს მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ზელენსკის წინააღმდეგობა, ასევე ის, თითქოს საქართველომ 12 პუნქტი არ შეასრულა და უამრავი სხვა რამ. ობიექტური კრიტერიუმებით თუ მივუდგებით, ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო ევროინტეგრაციისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების გზაზე ბევრად წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა.

უკრაინაზე გასაგები მიზეზების გამო ყურადღებას აღარ ვამახვილებთ, რადგან არის ომში, მაგრამ მოლდოვას, რომელიც არის დსთ-ს წევრი, კორუფცია არის უმაღლეს დონეზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ჩვეულებრივ წესად იქცა, სადაც ბრალდების გარეშე აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტსაც, და ამას გვიჩვენებენ, როგორც მაგალითს, როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნები, ამას ობიექტურ კრიტერიუმებს ვერ ვუწოდებთ. ეს არის ზეწოლა, რათა საქართველომ რაღაც გააკეთოს. ეს რაღაც კი არის ერთადერთი – ომში უნდა ჩავერთოთ. სხვა მოთხოვნა საქართველოს მიმართ ვერ ექნებათ.

სწორედ მაკფოლის ინტერვიუში იყო – მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში რუსეთს ისე გაუჭირდება, რომ იძულებული გახდება არა მხოლოდ მოლაპარაკებებზე წამოვიდეს, არამედ შეიძლება, კაპიტულაციაც კი გამოაცხადოსო. სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც საქართველოზე ასეთი წარმოუდგენელი სახის ზეწოლა ხორციელდება როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე „ომის პარტიის“ ისეთი წარმომადგენლების მხრიდან, როგორიც მაკფოლი გახლავთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.